გახარია პარლამენტში პრემიერის რანგში შესაძლოა ბოლოჯერ წარდგეს - ოპოზიცია სამთავრობო ცვლილებებს პროგნოზირებს

გამოქვეყნდა:

რადიკალური ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში - ოპოზიცია ოლიგარქის მიერ წინასაარჩევნოდ სახელისუფლებო გუნდის გადახალისებაზე და ამით ამომრჩევლის პოზიტიური განწყობის ამაღლებაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ იუსტიციის მინისტრის  სავარაუდო წასვლა პოსტიდან  სწორედ საკადრო ცვლილებების მანიშნებელია. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ივანიშვილის მთავრობის უცვლელი წევრის, თეა წულუკიანის ბედს, მისი ამჟამინდელი ფავორიტი, გიორგი გახარიაც გაიზიარებს.

"ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განმარტებით, გახარიას გამოცვლა,  მხოლოდ და მხოლოდ  ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და არავინ იცის, როდის გამოცვლის ოლიგარქი მის რომელიმე პოლიტიკურ პაიკს.

ჩვენ გვაქვს სისტემა კომუნისტური პარტიის მსგავსი, როცა პარტიის ხელმძღვანელის ფორმალურ თანამდებობაზე მყოფ პირს, ივანიშვილს აქვს მთელი ძალაუფლება. ასე იყო კომუნისტების დროს, პარტიის ხელმძღვანელი იყო უფროსი და არა პრემიერ-მინისტრი, ამიტომ ყველამ ვიცით, რომ მასზეა დამოკიდებული ყველაფერი და როდის გამოცვლის მის რომელიმე პოლიტიკურ პაიკს, ეს არ ვიცით. ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ ეს თამაშის წესი შევცვალოთ ამ ხელისუფლების დამარცხებით არჩევნებზე, რომელიც მოდის,- აცხადებს ბოკერია.

მმართველ გუნდში პრემიერის გადაყენების საკითხს უარყოფენ. მათი შეფასებით, გიორგი გახარია კარგი კრიზისმენეჯერია და მთავრობის საქმიანობის წარმატებაც სწორედ მისი დამსახურებაა.

მთავრობის საქმიანობის წარმატება სწორედ პრემიერ-მინისტრის სწორი მართვის შედეგი იყო და ბატონ გიორგი გახარიას ამისთის განსაკუთრებული მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ჭორებსაც გარკვეული პოლიტიკური მედია-საშუალებები ავრცელებენ. მათ დაეკითხეთ მოგონილ სამთავრობი ცვლილებებთან დაკავშირებით,- აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი.

გიორგი გახარია ხვალ პარლამენტში მიდის. პრემიერი მთავრობის მიერ კოვიდ 19-ის ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებზე ანგარიშს წარადგენს. პარლამენტის სხდომას ოპოზიციაც დაესწრება, რომელსაც პრემიერთან მწვავე კითხვები აქვს.

მთავარი კითხვა იქნება ერთადერთი, რა დამართეს ქვეყნის ეკონომიკას, რა შავ დღეში ჩააგდეს ხალხი და არა მარტო მხოლოდ პანდემიის ამ სამთვიან პერიოდში,- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის"  თავმჯდომარე, რომან გოცირიძე. 

 

 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი