
სუს-ის ფაილების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მივიდა. უწყებაში შესვლის წინ ხაზარაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და ფაილებში არსებული ჩანაწერების ავთენტურობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მისივე თქმით, გავრცელებულ ჩანაწერებში ასევე არის მისი საუბარი სასულიერო პირებთან
ხაზარაძე ამბობს, რომ გამოძიების დასრულებისა და ჩანაწერების ავთენტურობის დადგენისთანავე, თანამდებობა ქვეყნის პრემიერმა და სუს-ის უფროსმა უნდა დატოვონ.
"კიდევ ერთხელ ვადასტურებ ამ ჩანაწერების ავთენტურობას. ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მსგავსი რამ გამოძიებული უნდა იქნას ძალიან სწრაფად და ავთენტურობის დადასტურებისთანავე ქვეყნის მეთაური და სუს-ის მინისტრი უნდა გადადგეს. ეს არის ერთადერთი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან",-თქვა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა.
დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს.