
სასტიკი ანგარიშსწორება პოლიტიკური არჩევანის გამო - რუსთავში, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს სცემეს. ივანე გველესიანს გუშინ, გვიან ღამით, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან თავს დაესხნენ.
გველესიანი სახის ძვლების მძიმე დაზიანებით კლინიკა "რუსთავშია" მოთავსებული - დაზარალებულს ამ წუთებში გამომძიებელი კითხავს. როგორც თავად დაზარალებული ყვება, ის თავდამსხმელს არ იცნობს.
"სიგარეტი მოსთხოვა. პირბადე ეკეთა და კეპი ეხურა ეხურა, ამიტომ ამბობს, ვერ ამოვიცნობო. იყო გაფრთხილება, რომ შეშვებოდა პოლიტიკურ აქტივობას, რამდენიმე დღის წინ განცხადებაც დაწერა სამსახურიდან წამოსვლის თაობაზე და შემდეგ პოლიტიკური აქტიურობის გამო ფიზიკურად გაგისწორებითო გააფრთხილეს და სისრულეშიც მოიყვანეს. ეჭვი გვაქვს, რომ "კასტეტით" არის ნაცემი",- ამბობს ვანო გველესიანის ნათესავი, გიორგი ბურჯანაძე.
აღსანიშნავია, რომ ვანო გველესიანი რუსთავის მერიის ერთ-ერთ აიპში მუშაობდა. თუმცა თავისუფალი პოლიტიკური ნების შეზღუდვის გამო მან რამდენიმე დღის წინ "ქართული ოცნებიდან" ოპოზიციის რიგები დატოვა და "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთო.
"ქართული ოცნების" მესვეურებს და მაღალჩინოსნებს განუცხადა, რომ არ შეასრულებდა მათს დავალებებს, არ შეუგროვებდა მხარდამჭერებს და მოუწია სამსახურიდან წამოსვლა. ერთ-ერთ აიპში მუშაობდა, ღიად დააფიქსირა ჩემი მხარდაჭერა. ამის გამო რამდენჯერმე დაემუქრნენ და გუშინ ვერაგულად გაუსწორდნენ. ოქტომბრის დასაწყოსში ჩვენ დავასრულებთ ამ სისაძაგლეს",- ამბობს დავით კირკიტაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და გეერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი რუსთავში.
ექიმის, ხათუნა რევაზიშვილის თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ მას ცხვირის ძვლები აქვს მოტეხილი და ამავდროულად ტომოგრაფიულმა კვლევებმა თავის ტვინის შერყევა დაადასტურა. ამ დროისთვის ვანო გველესიანი ნეიროქირურგიულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას.
ავტორი: ნინო გიგაური