ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, დიპლომატიური კორპუსისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.
როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ წინასაარჩევნო გარემოს შეეხო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარულ ჩანაწერებზე ელჩებს "კითხვები არ დაუსვამთ".
"ეს არის სტანდარტული შეხვედრა, რომელიც იმართება ყოველი არჩევნების წინ... ჩვენ თავიდანვე გვითხრეს და ეს უთხრეს ყველა პარტიის წარმომადგენლებს, რომ ამ შემთხვევაში შეხვედრის დეტალებზე გარეთ საუბარი არ იქნებოდა. ზოგადად გეტყვით, რომ ჩვენ გავაცანით ჩვენი ხედვა და ინფორმაცია ელჩებს წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით და დაისვა 3-4 კითხვა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
საქმე ეხებოდა სუფთად საარჩევნო გარემოს, შესაბამის საკითხებს. რაც შეეხება ჩანაწერების თემას, ასეთ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა. მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებით დაისვა კითხვები", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს დღეს ოპოზიციის ლიდერებიც შეხვდებიან.