
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემოა და სამი თვის განმავლობაში ყველაფერმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა. მან მძიმე შემთხვევად მხოლოდ დმანისი დაასახელა, რუსთავის შემთხვევაზე კი თქვა, რომ არავინ იცის არჩევნებს უკავშირდება თუ არა.
კობახიძემ ქარელში, "ოცნების" ოფისის აივნიდან "მთავარი არხის" ოპერატორის გადმოგდება ენმ-ს პროვოკაციად შეაფასა.
"რამდენიმე პროვოკაცია იყო მარტო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, ქარელში იყო ერთ-ერთი ჟურნალისტის პროვოკაცია, იყო ხელვაჩაურში, ბათუმში პროვოკაციები, მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა მძიმე ინციდენტი დმანისში. სხვა შემთხვევაში პროვოკაციებმა პროვოკატორებისთვის უშედეგოდ ჩაირა რაც არის ჩვენი აქტივისტების მოთმინების დამსახურება.
როდესაც თქვენი ტელევიზიის ჟურნალისტი შეიჭრება პირდაპირ ჩვენს პარტიულ ოფისში, ეს არის ნაცმოძრაობის პროვოკაცია, როდესაც მერობის კანდიდატი შეიჭრება ხელვაჩაურის ოფისში 3 წლის ბავშვთან ერთად მივა ჩვენ შეკრებაზე და იქ აწყობს პროვოკაციას, ეს არის რა თქმა უნდა ნაცმოძრაობის პროვოკაციები", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მოგვიანებით "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ კობახიძეს დმანისის ინციდენტზე პასუხის გაცემა მოსთხოვა, ამის შემდეგ ევროკავშირის ოფისთან მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.