
საგანგებო მდგომარეობის პირობებში ქვეყანაში 65 ათასი კომპანია მუშაობდა - განაცხადა საქართველოს პრემიერმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.
გიორგი გახარიამ ვრცლად ისაუბრა ვირუსთან ბრძოლის ქრონოლოგიასა და იმ შეზღუდვებზე, რომელმაც მისი თქმით, პანდემიის ეფექტური მართვა განაპირობა. პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყანაში საწარმოები და ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერებულა. მისი თქმით, რიგ შემთხვევაში ინდუსტრიული ქალაქები სწორედ იმიტომ ჩაკეტეს, რომ იქ ვირუსი არ შესულიყო და მუშახელს უსაფრთხო გარემო ჰქონოდა.
ქვეყანაში არ გაჩერებულა არცერთი სოფლის მეურნეობის საწარმო, არცერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, არცერთი სისტემური ინდუსტრიალური კომპანია. ქვეყანაში 65 ათასი კომპანია აგრძელებდა მუშაობას,რაც იყო ათობით ათასი სამუშაო ადგილი.
ყველაფერი კეთდებოდა კონტროლის ქვეშ და ვერ დაასახელებთ ვერცერთ შემთხვევას, როცა ეს ადგილები გამხდარიყვნენ ინფიცირების გავრცელების წყარო.იყო რამდენიმე ინდუსტრიული ქალაქი, რომელიც მხოლოდ იმისთვის გვქონდა გადაკეტილი, რომ იქ ლოკალიზებული გვყავდა მუშახელი და ინფექცია არ შესულიყო, -აცხადებს პრემიერი.
მისი თქმით, საქართველოში არ ყოფილა არცერთი დღე, როცა მოქალაქეს სახლიდან გასვლა შეეზღუდა.