მეზობლები დმანისის სისხლიან ინციდენტში მონაწილე მიხეილ დაუთაშვილისა და შს მინისტრის ნაცნობობას ადასტურებენ და ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ისინი მეზობლები იყვნენ და ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ეს ნაცნობობა კიდევ ერთი გარანტია იყოს მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისთვის, რომ დმანისის დაპირისპირებაში თავი გაიმართლოს და ყველაფერი ოპონენტებს გადააბრალოს.
მიხეილ დაუთაშვილი დმანისის სოფელ განთიადში მომხდარი ინცინდენტის უშუალო მონაწილეა. "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შეიარაღებული იყო მისული. იქ იმყოფებოდა ასევე მისი შვილი დავით დაუთაშვილი, თუმცა მამა მთელი დღის განმავლობაში მედიას უმტკიცებდა, რომ არც თავად და არც მისი შვილი იქ არ იმყოფებოდნენ. მომხდარის მეორე დღეს კი ინცინდენტის პროვოცირებაში მმართველმა გუნდა ოპონენტები დაადანაშაულა.
თქვეს, რომ ოპოზიციამ მოუწყო პროვოცირება დაუთაშვილის შვილს, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და ამის შემდეგ დაჭრა მან ორი ადამიანი.
დაუთაშვილის შვილი ინციდენტიდან რამდენიმე საათში დააკავეს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით, თუმცა ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარდგენია. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ გამოძიება ახლა მისთვის ბრალის შემსუბუქებასაც ცდილობდეს.
განთიადში დაპირისპირების კიდევ ერთი მონაწილეა ზურაბ ოკმელაშვილი. ის სხვა არაერთ ინციდენტში ფიგურირებს. ოკმელაშვილი, "ქართული ოცნებისთვის" დმანისში ხმების მოსაგროვებლად დასაყრდენია და ამ დამსახურებას მას უფასებენ - დმანისის საკრებულოს პროპორციული სიის მესამე ნომერი მისი შვილი მაკა ოკმელაშვილია.
ინციდენტის კიდევ ერთი მონაწილეა ბორის ციხელაშვილი...ის დღეს დაპირისპირებაში სხვებს ადანაშაულებდა.
განთიადში სისხლიანი დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაიჭრა, ისინი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან. დაკავებული კი მხოლოდ ერთია.