მთავარი პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთს ჭავჭავაძის გამზირზე, ევროკავშირის საელჩოსთან მაშინ შეხვდნენ, როდესაც ირაკლი კობახიძე მედიასთან კომენტარს აკეთებდა, ელჩებთან შეხვედრაზე კი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია შედიოდა.
ნიკა მელიამ განმარტება მმართველი პარტიის თავმჯდომარეს იმ ძალადობრივი კამპანიის გამო მოსთხოვა, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყანაშია შექმნილი. ამ სიის სათავეში დმანისის ორი დღის წინანდელი ინციდენტია, როდესაც ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის შვილმა, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი დაჭრა.
საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა, თუმცა პოლიტიკური ოპონენტებმა სიტყვიერად ერთმანეთი არ დაინდეს.
ოპოზიციონერი ლიდერების საელჩოს შენობაში შესვლიდან, რამდენიმე წუთში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ქართული ოცნების აქტივი გამოჩნდა. მმართველი პარტიის პარტაქტივს საკრებულოს ოცნების სიის მე-18 ნომერი ვიტო ( ვიტალი) ონიანი აორგანიზებდა. მოსვლის მიზეზი არც დაუმალავთ - სამაგიეროს გადახდა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ნიკა მელიასთვის.
ოცნების აქტივისტების ამ განცხადების საპასუხოდ მთავარი ოპოზიციური პარტიის წევრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს და დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით პოლიციის მობილიზება მოითხოვეს. ოპოზიციონერების ამ მოთხოვნის შემდეგ, ევროკავშირის საელჩოსთან თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილი გამოჩნდა.
პროცესებში კარლ ჰარცელიც ჩაერთო. ევროკავშირის ელჩმა ოპოზიციონერ ლიდერებს სთხოვა არ დაეტოვებინათ საელჩოს შენობა, ვიდრე დაპირისპირებისა საფრთხე არ არსებობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კი პროცესების განმუხტვა სთხოვა.
საპატრულო პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა და ოცნების აქტივისტების ნაწილი საელჩოს შენობის მოპირდაპირე მხარეს გადაიყვანა. მმართველი პარტიის წევრმა ვიტო ონიანმა კი გვითხრა, რომ ირაკლი კობახიძის თხოვნით საელჩოს მიმდებარე ტერიტორია ტოვებდნენ.
საღამოს 6 საათისთვის ნიკა მელიამ და ოპოზიციის სხვა ლიდერებმა ევროკავშირის წარმომადგენლობა დატოვეს.
ევროკავშირის საელჩო და ელჩი კარლ ჰარცელი, დღეს პოლიტიკური პარტიებისა და დიპლომატების შეხვედრას მასპინძლობდა.