კასპში, "ქართული ოცნების" ოფისთან ხმაური იყო. ადგილზე ერთმანეთს მმართველი პარტიისა და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლები ოფისთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც უწყლოდ დარჩენილი მოქალაქეები მმართველი გუნდის ადგილობრივ ლიდერებთან შესახვედრად შენობაში არ შეუშვეს.
სააკაძის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ უკვე თვეზე მეტია, სასმელი წყლის მიწოდება შეზღუდული აქვთ, თუმცა ხელისუფლება მათი პრობლემის მოგვარებას არ ჩქარობს.
საპასუხოდ, მმართველი გუნდის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ოპოზიციის წარმომადგენლის მისამართით დედა შეიგინა. ამის შემდეგ, "ოცნების" მხარდამჭერებმა შეკრებილ მოქალაქეებს პროვოკატორები უწოდეს და თქვეს, რომ ამ მოქალაქეებს 24-საათიანი წყალმომარაგება არც აქამდე ჰქონდათ, თუმცა იმის გამო, რომ არჩევნები ახლოვდება, პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტეს.
"არასოდეს გქონიათ 24-საათიანი წყალი, ვერ გექნებათ... თქვენ ჯობია წყალი არ გქონდეთ 24 საათი, ვიდრე მშვიდად არ გეძინოთ ხო?", - მიმართა მმართველი გუნდის წარმომადგენელმა პარტიის ოფისთან შეკრებილ მოქალაქეებს.