შთაბეჭდილება მრჩება, საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის ექსკლუზიური უფლება მოიპოვეთ - პრემიერი ოპონენტებს მიმართავს

გამოქვეყნდა:

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამ წუთებში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. გიორგი გახარიამ პარლამენტში მთავრობის კოვიდ 19-თან ბრძოლასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა. ოპოზიციის კრიტიკას პრემიერი ჩვეული ცინიზმით იგერიებს და უწინდებურად იმეორებს, რომ საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს. 

გიორგი გახარიას განმარტებით, პოლიტიკური კრიზისის დასრულება ახლა ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესშია. მისი თქმით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის რეალური პოზიცია მაშინ გამოჩნდება, როდესაც საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხი დადგება.

პოლიტიკური კრიზისის დასრულების ყველაზე ობიექტური სურვილი დღეს ვინმეს თუ აქვს, აქვს ხელისუფლებას. ჩემთვის საქართველოში საერთოდ პოლიტპატიმრები არ არსებობს. პოლიტიკური პროცესი დასრულდება მაშინ, როდესაც, ამ პოლიტიკური შეთანხმების ყველაზე მნიშნელოვანი ნაწილი საარჩევნოს სისტემასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილები და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო  ცვლილების საკითხი დადგება, აი, იქ გამოჩნდება ვინ როგორ პოზიციას დაიჭერს და ვინ არის ამ პოლიტიკური კონსენსუსის, მშვიდობის, ნორმალური, არაპოლარიზებული საარჩევნო გარემოს მომხრე და ვინ დგამს ნაბიჯებს პირიქით, დესტაბილიზაციისკენ და პოლარიზაციის მიმართულებით, - განაცხადა გახარიამ.

გამოსვლის დროს, პრემიერი საერთაშორისო პარტნიორების თემასაც შეეხო. გახარიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს სალომე სამადაშვილსაც ჩვეული ცინიზმით მიმართა. გახარიამ ოპონენტს შეახსენა, რომ საერთაშორისო პარტნიორების გზავნილების თარგმნის ექსკლუზიური უფლება მას არ მოუპოვებია. 

ქალბატონო სალომე, მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ ამ ბოლო დროს მოიპოვეთ ექსკლუზიური უფლება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, თქვენ ასეთი ექკლუზიური უფლება არ გაქვთ და ჩვენ, მეც პირადად მათ შორის, უფრო მჭიდრო ურთიერთობა მაქვს მათთან.

ეს ადამიანები პირველ რიგში, არიან საქართველოს მეგობრები და არა "ნაციონალური მოძრაობის" მეგობრები. შესაბამისად, სწორედ ეს ადამიანები, რომლებიც აქამდე ობიექტურად აფასებდნენ და მომავალშიც ობიექტურად შეაფასებენ  კონკრეტულად იმ 8 მარტის შეთანხმებას, - თქვა გახარიამ.

პრემიერმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება ტურიზმის სფეროზე გაამახვილა. მან ასევე ისაუბრა საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილ ჯარიმებზეც და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს მათი გაუქმებისკენ ვერ მოუწოდებს, ვინაიდან საჭიროების შემთხვევაში ჯარიმა, როგორც შემაკავებელი ინსტრუმენტი აღარ იმუშავებს.

გიორგი გახარიამ დღეს პარლამენტში კოვიდ 19-თან ბრძოლასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი