"საჭიროა ძალიან სერიოზული მსჯელობა" - ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ელჩის უკრაინაში დაბრუნების საკითხს.
დავით ზალკალიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოფიციალურ თანამდებობაზე დანიშვნას, უკრაინის მხრიდან მცდარ გადაწყვეტილებას უწოდებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, როგორი დამოკიდებულება ექნება მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მიმართ საკუთარ გამოსვლებში, რაც საქართველოს ხელისუფლების დაკვირვების საგანი იქნება.
ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებამ გარკვეული პრობლემები შექმნა. ამიტომ, ამ პრობლემების გასააზრებლად საჭიროა ძალიან სერიოზული მსჯელობა. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით და ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება იყო მცდარი. ახლა ის არის ოფიციალური პირი უკრაინის, დავაკვირდებით, როგორი იქნება მისი განცხადებები საქართველოსთან მიმართებაში და ბუნებრივია, ყველაფერი ეს იქნება ჩვენს ურთიერთობებში უაღრესად მნიშნელოვანი," - განაცხადა ზალკალიანმა.