როგორ გადანაწილდება მანდატები თბილისის საკრებულოში IPSOS-გლობალის კვლევის მონაცემების მიხედვით. ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ნიკა გვარამიამ ისაუბრა:
IPSOS-ის კვლევის მიხედვით, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, თბილისის მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 33% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 27% მხარს "ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერდა, გახარიას პარტია "საქართველოსთვის" - 9%-ს მიიღებდა, გირჩი - მეტი თავისუფლება კი 8%-ს.
ასევე, ლელო - 4%, ლეიბორისტული პარტია - 3%, ევროპული საქართველო - 3%, გიორგი ვაშაძის მესამე ძალა - 3%, ხალხისთვის - 3%, პატრიოტთა ალიანსი - 3%, დროა - 3%, სხვა პარტიები კი 1%.
აქვე გეტყვით, რომ ეს არის ალოკაციის მეთოდით მიღებული შედეგები. ანუ აქ ასახულია იმ რესპოდენტების პასუხები, რომლებსაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ, ვის მისცემენ ხმას და აქვეა გადანაწილებული იმ რესპოდენტების პასუხებიც, რომლებიც პირდაპირ არ ასახელებენ თავიანთ ფავორიტს, მაგრამ დამატებითი კითხვების მეშვეობით კვლევის ავტორებისთვის ნათელი ხდება, რომელი პარტიის ან რომელი კანდიდატის მომხრეები არიან ისინი.
კვლევა ჩატარებულია "მთავარი არხის" დაკვეთით. IPSOS-ის მიერ გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1500 რესპოდენტი, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია. ჩატარების მეთოდოლოგიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.