პირველივე ტურში გავიმარჯვებთ, ნიკა მელიას მოლოცვა მოუწევს - კალაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას, მისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვა მოუწევს. 

კალაძის თქმით, საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, არანაირი არჩევნები საქართველოში არ იქნება.

„უმნიშვნელოვანესი არჩევნებია ორ ოქტომბერს. ხალხი კარგად ხედავს იმ პოლიტიკურ გუნდს, კანდიდატს, ვისაც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით რეალური ხედვა აქვს. დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხრიდან დიდი მხარდაჭერა გვექნება. პირველივე ტურში გავიმარჯვებთ, ნიკა მელიას მოლოცვა მოუწევს, მაგრამ არ გააკეთებს ამას, ამისთვის ძალა არ აქვს.

მთავარია თბილისის გამარჯვება და ის, რომ ჩვენ შევძლოთ ამბიციური გეგმების განხორციელება. ეს არ არის ლამაზად ნათქვამი სიტყვები, ჩვენ რეალურად ვიცით, როგორ დავუპირისპირდეთ პრობლემებს, ვაკეთოთ საქმე. ამის თქმის უფლებას განვლილი ოთხი წელი მაძლევს. ბატონ მელიას მარცხთან შეგუება მოუწევს, დარწმუნებული ვარ, მან ეს უკვე იცის. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ის ჩატარდება 2024 წელს, როგორც კონსტიტუციითაა განსაზღვრული. მანამდე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, არანაირი არჩევნები საქართველოში არ იქნება“,- ამბობს კახა კალაძე

თბილისის მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? - IPSOS-გლობალის კვლევის შედეგები, რომელიც თბილისის მასშტაბით ჩატარდა, ასეთია: 

  • კახი კალაძე - 41%
  • ნიკა მელია - 36%
  • გიორგი გახარია - 13%
  • ანა დოლიძე - 4%
  • ანა ბიბილაშვილი - 2%
  • დანარჩენი კანდიდატები - 4%

კვლევა ჩატარებულია "მთავარი არხის" დაკვეთით. IPSOS-გლობალის მიერ გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1500 რესპოდენტი, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია. ჩატარების მეთოდოლოგიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი