
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "მთავარი არხის" დაკვეთით, კომპანია IPSOS-გლობალის მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს "გაყალბებულს" უწოდებს.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საკითხი "გაანალიზა" და დაადგინა, რომ კვლევა ადგილზე არა IPSOS-მა, არამედ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩაატარა.
"რაც შეეხება თქვენს მიერ დაკვეთილ გაყალბებულ კვლევებს, ყოველი არჩევნების წინ ცდილობთ, მოსახლეობა შეიყვანოთ შეცდომაში, მაგრამ ძალიან რთულია ჩვენი ხალხის მოტყუება. მიუხედავად თქვენი პროპაგანდისა, ანალიზს ვუკეთებთ და კარგად ვარჩევთ თეთრს და შავს. თქვენ უბრალოდ იყენებთ საერთაშორისო კომპანიების სახელს. ამ კვლევას ატარებს ადგილობრივი კომპანია, ამის უკან დგას ერთ-ერთი მთავრი გამყალბებელი თარხნიშვილი და მისი კომპანია, რომელიც არჩევნებს აყალბებდა, არათუ კვლევებს. იგივე პიროვნება თარხნიშვილი და "ნაცმოძრაობა" აკეთებს ამ კვლევებს, უბრალოდ საერთაშორისო ბრენდული ორგანიზაციების სახელით.
როგორ შეიძლება თითქმის იგივე შედეგი აჩვენოს "ნაცმოძრაობამ" და ჩვენმა პარტიამ, რომელსაც თითქმის ორჯერ მეტი შედეგი აქვს. ჩვენი ამოცანაა, არჩევნებზე მშვიდად მივიდეთ და საბოლოო კვლევის შედეგები იქნება 2 ოქტომბერს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კვლევა ჩატარებულია "მთავარი არხის" დაკვეთით. IPSOS-გლობალის მიერ გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1500 რესპოდენტი, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია. ჩატარების მეთოდოლოგიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.