"მთავარის" ინფორმაციით, ვაზიანიდან ჯარისკაცები შვებულებაში გაუშვეს და ხმების მობილიზება დაავალეს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" საარჩევნო აგიტაციაში სამხედროებს რთავს - ვაზიანის მეოთხე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცების ნაწილი 4-დღიან შვებულებაში გაუშვეს და დაავალეს, რომ მმართველი გუნდის სასარგებლოდ, ხმების მობილიზებაზე იმუშაონ.

ინფორმაცია "მთავარ არხს" მეოთხე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმა ანონიმურად მიაწოდეს და უთხრეს, რომ მათ იძულებით უშვებენ შვებულებაში, რათა ოჯახის წევრები, ნათესავები და ახლობლები დაარწმუნონ, რომ მხარი "ოცნებას" დაუჭირონ.

ჯარისკაცების ნაწილი ადასტურებს, რომ შვებულებაში ნამდვილად გადიან, თუმცა კამერებთან აგიტაციის შესახებ დავალების მიღებას უარყოფენ.

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ფაქტს დეზინფორმაციას უწოდებს და ბრალდებები წინა ხელისუფლების მისამართით აქვს. ის ამბობს, რომ მსგავსი მანკიერი პრაქტიკა წინა ხელისუფლების მმართველობის პერიდოში იყო და 2012 წლის შემდეგ "არ განმეორებულა".

„ეს მორიგი მცდელობაა, საზოგადოება შევიყვანოთ შეცდომაში. ჩვენ შევცვალეთ ის მახინჯი პრაქტიკა, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას", - თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ოპოზიციაში ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ქმედებები არ უკვირთ. ისინი ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" აღარ აქვს იმედი ელექტორატის მხარდაჭერის და ხმების მოსაგროვებლად შეეცდებიან, ყველანაირ ხერხს მიმართონ.

"იციან, რომ აგებენ, ამიტომ ყველანაირ რესურსს, მათ შორის ჯარის რესურსსაც იყენებენ, რომ რამენაირად გადალახონ ეს 43%. პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევაა, როდესაც ჯარში გეძლევა პოლიტიკური აგიტაციის დავალება", - თქვა პარლამენტის დეპუტატმა "ნაციონალური მოძრაობიდან", დევი ჭანკოტაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი