
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, ბოლო პერიოდში, საოლქო და საარჩევნო კომისიების მიმართ ზეწოლის ფაქტები გახშირდა.
როგორც იოსელიანმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დაფიქსირდა როგორც კომისიებში შეჭრა, ისე კომისიის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები, მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები, სიძულვილის ენა, მათ საქმიანობაში ჩარევა და ხელის შეშლა.
მისივე თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა "დამკვირვებლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მცდელობას პროვოკაციის მოწყობის მიზნით".
"აღნიშნული ქმედებები ხელს უშლის საარჩევნო კომისიების საქმიანობას და მიზანმიმართულად აზიანებს საარჩევნო პროცესს. ეს არის ზოგადად საარჩევნო გარემოსთვის ზიანის მიყენების მცდელობა და მიზანმიმართულია საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ხალხის ნდობის დაკარგვის და რეპუტაციის დაზიანებისკენ.
მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ საარჩევნო სუბიექტებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ნუ გაცდებიან საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს, არ შეუშალონ ხელი საარჩევნო კომისიების მუშაობას, ვინაიდან ამ კომისიებმა უნდა გაუწიონ 2 ოქტომბერს არჩევნებს ორგანიზება. ცესკო ასევე მოუწოდებს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას, აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესს და დააფიქსირონ თითოეული ფაქტი, ხელი შეუწყონ არჩევნების სანდო გარემოში ჩატარებას", - განაცხადა ნათია იოსელიანმა.