
11–საათიანი განხილვა პარლამენტში, კმაყოფილი ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ და უკმაყოფილო ოპოზიცია. გიორგი გახარიას ანგარიში COVID 19-ის მართვასთან დაკავშირებით ოპოზიციის მწვავე კრიტიკის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციას უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, პრემიერის ანგარიშმა აჩვენა, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა რეალურად მოსახლეობის ინტერესებზე არ არის მორგებული.
სამწუხაროდ, საქართველოს ხელისაუფლებამ მიატოვა ჩვენი თანამოქალაქეების დიდი უმრავლესობა ყოველგვარი დახმარების გარეშე, მაშინ, როდესაც უმუშევრობა და შემოსავლის დაკარგვა არის ის რეალობა, რომელიც ემუქრება ასობით ათას ჩვენს მოქალაქეს... დავრწმუნდით, რომ მათ მიერ შემოთავაზებული ანტიკრიზისული გეგმა არის სიცარიელე, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ანტიკრიზისული გეგმა რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს შემოსავლის გარეშე ტოვებს, ამაზე ისაუბრა "ევროპული საქართველოს" წევრმა, ოთარ კახიძემ.
"ოცნების" მთავრობამ მოსახლეობას უთხრა პირდაპირ, რომ საპენსიო დანაზოგებს არ დაუბრუნებენ, რომ თვითდასაქმებულებს დახმარების მისაღებად ცნობების და ქაღალდების მიტანა, რაც უდიდეს ნაწილს დახმარების გარეშე დატოვებს, მთავრობამ ბიზნესს უთხრა, რო არ აპირებს გადასახადების შემცირებას, არ აპირებს რეალური ნაბიჯების გადადგმას, რომ ეკონომიკამ რაიმე მუხტი მიიღოს, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ირაკლი კობახიძემ კი ისევ გოიმი ოპოზიცია ახსენა და პრემიერის გამოსვლის შეფასებისას ტრიბუნიდან თქვა, რომ გახარიამ გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს მასტერკლასი ჩაუტარა. თავად პრემიერმა კი პარლამენტი გუშინ უკომენტაროდ დატოვა.