
ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა და თქვა, რომ პოლარიზაცია და ფიზიკური დაპირისპირება მშვიდ წინასაარჩევნო გარემოს ხელს არ უწყობს.
აუსტრევიჩუსის თქმით, ის თავისუფალ, სამართლიან არჩევნებსა და შედეგების მიღებას ელოდება. ამის შესახებ მან "მთავარ არხთან" ისაუბრა.
"ვფიქრობ, საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს, რომ ამ ქვეყნის ევროპული მისწრაფებები არ არის მხოლოდ დაფუძნებული პოლიტიკურ განცხადებებზე, არამედ მათ საქმეებიც მოჰყვება. ამ არჩევნებიდან ჩვენ ველოდებით სამ რაღაცას: თავისუფალ არჩევნებს, სამართლიან არჩევნებს და შედეგების მიღებას ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ. ეს არის სტანდარტული პროცედურა ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებში. ამიტომ, უკიდურესი პოლარიზაცია, აზრთა უკიდურესი სხვადასხვაობა და ფიზიკური დაპირისპირებაც კი ერთმანეთთან არ უწყობს ხელს მშვიდ წინასაარჩევნო გარემოს. ჩვენ მსგავსი რაღაცის დანახვა ისეთ ქვეყანაში, რომელთანაც ასოციაციის ხელშეკრულება გვაქვს, არ გვსურს.
ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომელიც შარლ მიშელის შუამავლობით იქნა მიღებული, მაგრამ ამავე დროს ვხედავ, რომ ჯენტლმენობის ნაკლებობაა. რადგან ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება, ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ყველა მხარე შეასრულებდა საკუთარ ვალდებულებებს. სინამდვილეში კი, დავინახეთ გადახვევა ამ შეთანხმებიდან და ზოგიერთი ნაწილი არ იქნა შესრულებული", - თქვა პეტრას აუსტრევიჩუსმა.