
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი სუსიდან გამოჟონილ ფაილებსა და საქართველოში უკანონო მოსმენების საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, დიპლომატები ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ და მოსმენები უნდობლობის დასტურია. მისი თქმით, უკანონო მოსმენები მიუღებელია.
"მოკლედ ვიტყვი, რომ ევროკავშირის დიპლომატები და ზოგადად დასავლელი დიპლომატები არ წარმოადგენენ სტრატეგიულ საფრთხეს საქართველოსთვის. ამიტომ, ეს მოსმენები არის უნდობლობის დასტური. ამიტომ, თბილისში ყველა ოფიციალურმა პირმა უნდა გაიგოს, რომ ეს სრულიად მიუღებელი ქმედებაა",-თქვა პეტრას აუსტრევიჩუსმა.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს.