კოლოსალური პრემიები და გადამალური სპეცრაზმელები, რომლებიც მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდნენ - გარიგება გახარიას და მოძალადე სამართალდამცავებს შორის

გამოქვეყნდა:

დიდი ფული დუმილის სანაცვლოდ - 20 ივნისის ჯალათების დუმილი შინაგან საქმეთა მინისტრმა კოლოსალური პრემიებით იყიდა.

20 ივნისის ღამეს, ხალხის განსაკუთრებული სისასტიკით დამრბევი სპეცრაზმელი ზაზა ფანცქალაშვილი ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მუშაობს.  პირდაპირი ვიდეომტკიცებულების მიუხედავად, რომ ის ხალხს დამიზნებით ესროდა, ფანცქალაშვილი არ დაუკავებიათ და არც ბრალი წარუდგენიათ. ფანცქალაშვილი ახლა კამერებს ემალება, თუმცა მეზობლები ამბობენ, რომ ის ისევ სპეცრაზმის თანამშრომელია. 

საჯარო რეესტრის ბოლო მონაცემით, დარბევის მონაწილე სპეცრაზმელის ზაზა ფანცქალაშვილის სახელზე ახალი საცხოვრებელი სახლია. ბინის მფლობელი ამბობს, რომ სახლი არ გაუყიდია, უბრალოდ სპეცრაზმელისგან ფული პროცენტით ისესხა და საკუთარი ბინა  გარანტად ჩადო. კითხვას, რომ დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელი პარალელურად მევახშეც არის, სახლის მფლობელი ტარიელ კვატრიშვილი უპასუხოდ ტოვებს. 

ოპოზიცია შსს-დან საკუთარ ინფორმატორებზე დაყრდნობით ამბობს, რომ 20 ივნისის დარბევის მონაწილეებს გიორგი გახარიამ დუმილის სანაცვლოდ დიდი ფული გადაუხადა. სქემა ასეთი იყო - ქუჩაში გამოყვანილი ასობით სპეცრაზმელებიდან, წინასწარ იყო შერჩეული რადენიმე ე.წ. ზონდერი, რომელსაც დამიზნებით სროლის და აქციის მონაწილეების სამაგალითო დასჯის ბრძანება ჰქონდათ. ამიტომ მათ დუმილის სანცვლოდ დიდი ფული აიღეს და ხელშეუხებლობის გარანტია მიიღეს.

20 ივნისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ 240 ადამიანი დაშავდა, თუმცა ხელისუფლებამ პასუხისგებაში მხოლოდ სამი პოლიციელი მისცა - ლევან იმერლიშვილი, მინდია ამბარდნიშვილი და გიორგი ესეიშვილი. სამიდან ორს ციხეში არცერთი წუთი არ გაუტარებია. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა გიორგი გახარიამ სპეცრაზმელებს თავიდანვე უთხრა, რომ ბრალდებულად გამოცხადება ფორმალობა იყო და ისინი ციხეში არ წავიდოდნენ.

ერთ-ერთი პოლიციელი, მინდია ამბარდნიშვილი, რომელსაც ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აქვს წარდგენილი, კამერებს ემალება. ირკვევა, რომ ბრალდებული პოლიციელის დედა ასევე საჯარო მოხელეა. მაია ლიპარტელიანი, ჯერ თბილისის მერიის მაღალჩინოსანი იყო, ახლა კი აღსრულების ეროვნულ ბიუროში იურისტად მუშაობს. ლიპარტელიანმა „მთავარს“ უთხრა, რომ შსს-ს მაღალჩინოსნებსა და მის შვილს შორის შემდგარი არაფორმალურ გარიგებაზე საუბარი არ სურდა. 

გიორგი ესეიშვილი, რომელსაც ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს და სახლში გაუშვეს, გადამალეს. მას ბოლო სასამართლო სხდომაზე წამოცდა, რომ 20 ივნისის ღამეს აქციის მონაწილეებს ახლო მანძილიდან ესროდა, თუმცა, ამის აუცილებლობა არ არსებობდა. სკანდალური აღიარების შემდეგ სპეცრაზმელი გადამალეს, ის სოფელ ხვითში  ცხოვრობს. თუმცა დღეს სოფლის მიმავალი გზა სპეცრაზმმა „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს გზა გადაუკეტა. 

სახლშია და ციხეში მხოლოდ რამდენიმე დღე გაატარა ლევან იმერლიშვილმა, ამ სპეცრაზმელის წინააღმდეგ სამი ვიდეომტკიცებულება არსებობს, მან აქციის მშვიდობიანი მონაწილე დავით ნიორაძე ძირს დააგდო და რამდენჯერმე სცემა, თუმცა მოძალადე სპეცრაზმელი არ დააკავეს და სახლში გაუშვეს. იმერლიშვილი ახლა კამერებს, ახმეტაში ემალება. 

ამ სამივე სპეცრაზმელის საქმე ახლა ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში მყოფ მოსამართლეებს აწერიათ. ერთ-ერთი მამუკა ხაზარაძის და ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე გიორგი არევაძეა, ეს გარემოებები კი აჩენს განცდას, რომ ხელისუფლებამ მათ ბრალი ფორმალურად წარუდგინა და წინასწარ მისცა პირობა, რომ ციხეში არ ჩასვამდა. 

20 ივნისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ უკვე შვიდი თვე გავიდა, 240 დაშავებულ ადამიანზე პასუხისმგებელი მხოლოდ სამი სამართალდამცველი გამოიკვეთა და ისინი ახლა სახლში არიან, გიორგი გახარიას, არც ერთი ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში ფორმალურადაც კი არ მიუცია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი