ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ შიდა ქართლის სოფლებში, თემურ ალიევი, იგივე ბაჰატინა მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმებს აგროვებს. სოფელ ფერმაში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა და დაშინება უკვე დაწყებულია. ადგილობრივ მოსახლეობას პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ჩამოართვეს.
"მთავარი არხი" ბაჰატინას ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა და "ოცნების" წარმომადგენლად გაეცნო. სატელეფონო საუბრისას ბაჰატინამ "მთავარი არხის" ჟურნალისტს დაუდასტურა, რომ საქართველოში მმართველი გუნდის მხარდასაჭერად ჩამოვიდა.
ბიზნესმენი, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში და პირიქით გაურკვეველი ტვირთის გადაზიდვის ბიზნესითაა დაკავებული, ამბობს, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში, მისი გავლენით, "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
ადგილობრივებს პირადობის მოწმობა სწორედ მისი დავალებით ჩამოართვეს. ფაქტს სოფლის მცხოვრებლებიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ მსგავსი რამ გასული წლის არჩევნებზეც დაფიქსირდა.
"ქართული ოცნებიდან ვიღაც მოვიდა და ჩემ გოგოს, რომელიც ავადაა და წერა-კითხვაც არ იცის, პირადობის მოწმობები გამოართვა. მე ამ დროს სახლში არ ვიყავი, პირადობები გუშინ დააბრუნეს, არ ვიცი, რაში სჭირდებოდათ. ვიცი რომ სხვა მეზობლების პირადობებიც წაიღეს. ყოველ წელს ასეა წინა წელს 100 ლარიც დაგვირიგეს,-თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
მმართველი გუნდის სასარგებლოდ მუშაობს ფერმის საჯარო სკოლის დირექტორიც, შაჰალ ისმაილოვი. დღეს მან "მთავარის" შეკითხვებს არ უპასუხა.