
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის აზრით, წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში წარიმართა და არსებითი დარღვევები არ დაფიქსირებულა. მან ბრიფინგზე ჩამოთვალა "ნაციონალური მოძრაობისა" და "რადიკალური ოპოზიციის" შტაბებიდან გამოჟონილი ინფორმაცია, თუ როგორ აპირებენ არჩევნების გაყალბებას და ჩაშლას ოპონენტები.
"დესტრუქციული გეგმების შესახებ მრავლად შემოდის გამოჟონილი ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის ოფისებიდან. ყურადღებას გავამახვილებთ მხოლოდ ძირითად მოსალოდნელ პროვოკაციებზე და დესტრუქციულ მოქმედებებზე. 2020 წლის არჩევნების ანალოგიურად ამ შემთხვევაშიც გეგმავენ საარჩევნო ადმინისტრაციაში ჭარბი რაოდენობით საჩივრების შეტანას, აღნიშნულის მიზანია ერთის მხრივ ხელოვნურად გაიზარდოს საჩივრების სტატისტიკა, ხოლო მეორე მხრივ, ხელოვნური დაბრკოლება შეექმნას კომისიების საქმიანობას.
ცალკეულ უბნებზე იგეგმება საარჩევნო ინვენტარის და დოკუმენტაციის, საუბარია საარჩევნო სიებზე, ბეჭდებზე და ა.შ. მოპარვა, ისევე როგორც ყველა წინა არჩევნებზე ამ შემთხვევაშიც ხელმოწერების მანიპულირების და საარჩევნო ბიულეტენების უბნიდან გამოტანის გზით, გეგმავენ დისბალანსების ხელოვნურად გამოწვევას, იგეგმება საარჩევნო უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნა ამომრჩევლის აქტივობის შესამცირებლად", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, "რადიკალური ოპოზიციის" მიერ დანიშნული კომისიის წევრებს მასობრივად აძლევენ დავალებას ხელი არ მოაწერონ საარჩევნო უბნების ოქმებს იმ შემთხვევაშიც კი თუ უბნებზე არცერთი დარღვევა არ დაფიქსირდება.
მდინარაძის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის უფროსების მიერ გაიცემა საარჩევნო უბნების ჩაშლის დავალებები. ამის მაგალითად მან შემდეგი მოიყვანა:
"ნაცმოძრაობის ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ პირადად ჩაატარა შეხვედრა ენმ-ს მიერ დანიშნულ საარჩევნო კომისიის წევრებთან და დაავალა 20-ზე მეტი საარჩევნო უბნის ჩაშლა" - ამბობს მდინარაძე.
მდინარაძემ აღნიშნული საარჩევნო უბნებიც ჩამოთვალა. მან თქვა, რომ იგეგმება საარჩევნო კომისიების წევრების, წარმომადგენლების და დამკვირვებლების სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირების მიზნით.