მას შემდეგ, რაც დღევანდელი დაკითხვის დეტალებზე სუს-მა კომენტარი თავადვე გააკეთა, "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა იმ გამოძიებაზე ღიად ისაუბრა, რომელიც სუს-ის ანტიტერორისტულ სამსახურში მიმდინარეობს.
ნიკა გვარამიას თქმით, დღეს დაუდასტურეს ინფორმაცია, რომელიც მან დაახლოებით 1 თვის წინ მიიღო:
"1 თვის წინ მივიღე ინფორმაცია რომ იგეგმებოდა ჩემი ლიკვიდაცია სნაიპერული შაშხანით, რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მხრიდან.
მე არ დამიწყია იმის გარკვევა, პროვოკაციას მიწყობს სუს-ი, სიმართლეა ეს თუ არა. ვესაუბრე ელჩებს და მივედი ანტიტერორისტულ დეპარტამენტში. მათ დაიწყეს გამოძიება და დამენიშნა დაცვის სპეციალური ღონისძიება, რამდენიმე ადამიანი შსს-დან დამყვება. შემოთვლების დონეზე იყო საუბარი, რომ ეს ინფორმაცია არ იყო სერიოზული და პრაქტიკულად გამორიცხავდნენ ყველაფერს, ასეთი ტიპის კომუნიკაცია იყო ჩემს ადვოკატთან. უცებ, დღეს რეკავენ და მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა გითხრათო. შევედი და მეუბნებიან, რომ დასტურდება ინფორმაცია ჩემი შეკვეთილი მკვლელობის შესახებ და ჯგუფი უკვე იდენტიფიცირებულია. არ ვიცი თუ ეგონათ, რომ იქ ძალიან შემეშინდებოდა, ეს ასე არც ახლა არ არის. ამის შემდეგ დაამატეს, რომ ჩემს გარდა იხილებოდა სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაცია, რაზეც განვუცხადე, რომ ამ ინფორმაციას მე არ უნდა მაწვდიდნენ და ჩემს საქმესთან კავშირში არ არის." - ამბობს ნიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგზე.
ნიკა გვარამიას თქმით, მყისიერი განცხადება და კომენტარი უწყებისგან, რომელიც როგორც წესით კომენტარებს ძალიან იშვიათად აკეთებს, კონკრეტულ მიზანს ემსახურება და საფრთხისშემცველია:
ხვალ, ამ ინფორმაციის გამჟღავნების საფუძველზე გამარტივდეს ჩემი ლიკვიდაცია, პირობითად ვამბობ, სად მიდის მერე ანტიტერორისტული დეპარტამენტი, თუ თვითონ არ არის ლიკვიდატორი? - თქვა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე
ნიკა გვარამიას შეფასებით, დღეს სუს-მა დანაშაული ჩაიდინა, როდესაც ასე ღიად ისაუბრა ინფორმაციაზე, რომლის გამჟღავნებაც არ შეიძლება.