"არსებობს რეალური საფრთხე, შესაძლოა, ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც" | სუს-ი

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გარდა, შესაძლოა, მკვლელობის სამიზნე სხვა ჟურნალისტიც იყოს. ეს კომენტარი მედიასთან სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ, ბაჩა მგელაძემ გააკეთა.

მან თქვა, რომ საფრთხე რეალურია და ნიკა გვარამიას უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე რეკომენდაციები მისცეს.

"გამოძიების ფარგლებში ჩვენს მიერ დაბარებულ იქნა ნიკა გვარამია, მას მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და შესაბამისად, ჩვენს მიერ მიეცა რეკომენდაციები უსართხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით. გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა არსებობდეს რეალური საფრთხე, შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისთვის მიგვეცა რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. 

გამოძიების ინფორმაციით, და მოგეხსენებათ გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად შეკვეთის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც", - თქვა ბაჩა მგელაძემ.

უწყების წარმომადგენელს მედიასთან არ დაუკონკრეტებია ვინ შეიძლება იყოს სხვა სამიზნე.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია სუს-ში დღეს, 30 სექტემბერს დაიბარეს - საქმე მასზე დაგეგმილ შესაძლო ტერორისტულ აქტს ეხება. უწყების დატოვების შემდეგ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ დაცვის ღონისძიებებზე ისაუბრეს და კონკრეტული ახალი ინფორმაცია მიაწოდეს. ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი