
ანონიმური წინასაარჩევნო კამპანია სოციალურ ქსელებში - "სამართლიანმა არჩევნებმა" სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. ფეისბუქზე გააქტიურებულია როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე ქართული ოცნების მადისკრედიტირებელი გზავნილები.
მათი ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ 26 გვერდი მოქმედებს. გარდა ამისა, თვითმმართველობის არჩევნებისთვის გააქტიურდა გვერდები კრიტიკული მედიასაშუალებების წინააღმდეგაც:
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის ანონიმურ გვერდებზე მიმდინარე კამპანია გამოირჩევა მედიასაშუალებების მადისკრედიტირებელი გზავნილებით. ორგანიზებული სახე აქვს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას. საანგარიშო პერიოდში შესწავლილ გვერდებზე მედიასთან დაკავშირებული სულ 107 ნეგატიური გზავნილის შემცველი პოსტი განთავსდა. მათგან 96 დისკრედიტაციული პოსტი ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე გამოქვეყნდა და ისინი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებებს („მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“) მიემართებოდა. 11 მედიის საწინააღმდეგო შინაარსის პოსტი გამოქვყენდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე. მათგან უმეტესობა (9 პოსტი) ტელეკომპანია „იმედს“ შეეხებოდა - ნათქვამია ISFED-ის ანგარიშში.