კრიმინალური ავტორიტეტების გავლენა საარჩევნო პროცესზე - არასამთავრობო ორგანიზაცია ღია საზოგადოების ფონდმა საარჩევნო პროცესზე კრიმინალური ავტორიტეტების/არაფორმალური ჯგუფების გავლენის შესახებ მიმდინარე კვლევის წინასწარი მიგნებები გამოაქვეყნა.
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების, ისე მიმდინარე წლის თვითმმართველობის წინასაარჩევნო გარემო, მმართველ პარტიასა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, უთანასწორო შესაძლებლობებით ხასიათდება.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლება ხმების მოსაპოვებლად, აქტიურად იყენებს მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსით სარგებლობის, დაშინებისა და იძულების გზებს.
"რესპონდენტებმა დაასახელეს კონკრეტული ფაქტები, მმართველი პარტიის მხარდაჭერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ცალკეული მუნიციპალური სერვისის თუ სოციალური დახმარების შეწყვეტის მუქარის შესახებ, ასევე, ხმის სანაცვლოდ, დასაქმების, ცალკეული სამედიცინო მომსახურეობის მუნიციპალური თანხებიდან დაფინანსების ან სხვა ტიპის დახმარების დაპირებების თაობაზე",-ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე საუბარია, ხელისუფლების სასარგებლოდ ე.წ. კრიმინალური და უბნის ავტორიტეტების ჩარევა, როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ისე უშუალოდ არჩევნების დღეს.
"რესპონდენტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაადასტურა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები წინასაარჩევნო პროცესში აქტიურად თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან. მათი აქტივობა, როგორც წესი, არჩევნებამდე 30 დღით ადრე იწყება, ხოლო განსაკუთრებულ მასშტაბს არჩევნებამდე 7-10 დღით ადრე იძენს. კრიმინალური ავტორიტეტების ზეგავლენა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი რეგიონებში, კვლავაც აქტუალურია, ხოლო არაფორმალური ჯგუფების მიერ გამოყენებული ზემოქმედების ბერკეტები საკმაოდ მრავალფეროვანია.
ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც აღნიშნული ჯგუფები იყენებდნენ არის ოპოზიციის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე „უბნის ავტორიტეტების“ ახლო დისტანციაზე შეჯგუფება, ხმამაღალი გინება და გამომწვევი ქცევა პროვოკაციის მოწყობის და უბნებში დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლის მიზნით. გარდა ამისა, ზემოქმედების ე.წ. ბერკეტებს შორის არის ფსიქოლოგიური ძალადობაც, როდესაც ე.წ. უბნის ავტორიტეტები როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე არჩევნების დღეს უბნებში აქტიურად გამოჩენით ცდილობენ ზემოქმედება მოახდინონ ოპოზიციურად ან ნეიტრალურად განწყობილ ამომრჩეველზე – კენჭისყრის დღეს, ისინი ჯგუფდებიან საარჩევნო უბანთან, რითიც მიანიშნებენ ამომრჩეველს, რომ თვალყურს ადევნებენ ხმის მიცემის პროცესს და ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ აკონტროლებენ ამომრჩევლის ხმის მიცემის საკითხს. როგორც კვლევამ აჩვენა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას სწორედ ხმის მიცემის ფარულობის მიმართ ამომრჩევლის სკეპტიციზმი წარმოადგენს",-ნათქვამია ანგარიშში.
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, აღნისნული გარემოებები ხელს უშლის ამომრჩევლის ნების გამოვლენასა და შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე.