9 წელი ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებიდან | "ოცნების" მიერ არჩევნებისთვის გამოყენებული ტრაგედია და დღემდე გამოუძიებელი საქმე

გამოქვეყნდა:

ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გამოიყენა - შემთხვევას 10 თვის ბარბარე რაფალიანცი ემსხვერპლა და 9 წლის შემდეგაც, დღემდე არ არის პასუხი მთავარ კითხვაზე - რა მოხდა 2012 წლის 30 სექტემბერს. 

მივყვეთ ქრონოლოგიას:

შემთხვევა გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, 2012 წლის 30 სექტემბერს მოხდა - 10 თვის ბარბარე რაფალიანცი წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. მაშინ, ბავშვის დეიდა, დალი მექერიშვილი, მომხდარს პირველ ოქტომბერს ჩანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებდა. ამბობდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები შვილების მოკვლით ემუქრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ დროს, დალი მექერიშვილი, საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო.

ანალოგიურს ამბობდა იმ დროს "ქართული ოცნების" წევრი და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი, რომელიც ხელს პირდაპირ საკუთარი ოპონენტის, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ, გიორგი ღვინიაშვილისკენ იშვერდა და მის დაკავებასაც ითხოვდა.

მაშინ, ჯერ კიდევ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ დანაშაულის გასახსნელად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა. თუმცა, ფაქტები სხვაზე მეტყველებდა - ბავშვის დაღუპვიდან შვიდი თვის შემდეგ გაირკვა, რომ პოლიციას ტრაგედიის ადგილი საფუძვლიანად შესწავლილიც კი არ ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ოჯახმა წყლით სავსე ქვევრი სწორედ შვიდი თვის შემდეგ დაცალა. 

2012 წლის 30 სექტემბრის შემდეგ, ამ საქმის ირგვლივ, არაერთი განცხადება გაკეთდა, საგამოძიებო უწყებას, გამოძიების დაჩქარებისა და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით, სახალხო დამცველმაც მიმართა, თუმცა პროკურატურას საქმე ცხრა წლის შემდეგაც, ანუ ამ დრომდე არ გამოუძიებია. 

ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირი დღემდე დაუდგენელია.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი