პრემიერის წამოცდენა თუ აღიარება - ოპოზიცია გიორგი გახარიას გუშინდელ განცხადებას "ქართულ ოცნებაში" გამეფებული კორუფციის აღიარებით ჩვენებას უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლების უმძიმესი დანაშაული, ქვეყნის პრემიერმა, "ქართული ჯიგრული" ურთიერთობებით ახსნა, რასაც კანონის ენაზე სწორედ კორუფცია ეწოდება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ იმას რასაც "ქართული ოცნება" წლების განმავლობაში აკეთებს, სწორედ "ქართულ ჯიგრული" კორუფციაა. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მმართველი პარტია ქვეყანაში კორუფციის არსებობას ხელს უწყობს.
როგორც გაფუჭებული საათი აჩვენებს ერთხელ სწორ დროს, გახარიამ აღიარა, რომ დიახ, "ქართული ოცნების" მიდგომა არის "ქართულ-ჯიგრული", ანუ კორუფციული დამოკიდებულება საკითხების მიმართ და გუშინვე მოიყვანა ამის მაგალითი - სამშენებლო ბიზნესის სუბსიდირება, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
"ევროპული საქართველოს" წევრები თვლიან, რომ პრემიერის ეს წამოცდენა არის სიმართლე და ეს პრობლემა, წლებია, არსებობს.
ჩვენ გვახსოვს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში ყველა ყველას იცნობს და რა ვქნათ ახლა, ვერც ნეპოტიზმს აღმოვფხვრით და ვერც კორუფციას. შემდეგ გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც გამოგვიცხადა, რომ ცოლის ნათესავი ნათესავი არ არის. ახლა ახალი სიმაღლეები დაიპყრო ბატონმა გახარიამ როცა თქვა, რომ კორუფცია ყოფილა "ქართულ-ჯიგრული". გახარიას უნდა ესმოდეს, რომ როდესაც ამას ისმენენ საჯარო მოხელეები, ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ ხვალ უფრო მეტი მოიპარონ, - ამბობს ირმა ნადირაშვილი.
"ქართულ, ჯიგრულ პონტში" პრივილეგირებულ კომპანიებზე ქვეყნის პრემიერმა, გუშინ საპარლამენტო ტრიბუნიდან ისაუბრა. გიორგი გახარია ამბობს, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არის და თუ რომელიმე კომპანია, უფრო მეტად ხელშეუხებელია, ეს მხოლოდ ქართული მენტალიტეტის დამსახურებაა და არა პოლიტიკური კორუფციის.