ათასობით ლარი „ოცნების“ შემომწირველი კომპანიებისთვის - ოპოზიცია გამოძიებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ათასობით ლარი „ოცნების“ შემომწირველი კომპანიებისთვის - ოპოზიცია მმართველ გუნდს შემომწირველისთვის გაფორმებული ხელშეკრულებების გამო აკრიტიკებს. საქმე ეხება „ქართული ოცნების“ შემომწირველ კომპანია „ჯეუ გრუპს“, რომელმაც ბოლო შვიდ წელში, 160 მილიონი მიიღო.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, აღნიშნულ კომპანიას ჭავჭავაძის გამზირის და კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია ევალება, თუმცა, სამუშაოები უხარისხოდ სრულდება და „ჯეუ გრუპი“ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ვადაში ვერ ასრულდებს.

ოპოზიცია საგამოძიებო უწყებებს აღნიშნული საეჭვო ხელშეკრულებებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ „ჯეუ გრუპს“ ხელისუფლება სასათბურე პირობებს უქმნის.

ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, ასეთ კომპანიას, რომელიც უხარისხოდ ასრულებს სამუშაოებს, ვადებში ვერ ასწრებს სამუშაოებს დაწყებული ჭავჭავაძიდან გაგრძელებული აეროპორტის გზით, რა თქმა უნდა, დაინტერესდებოდნენ რატომ ხდება ეს და როგორ ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის ფაქტობრივი მითვისება. თუმცა, ქვეყანაში, სადაც ერთი ადამიანია მოსამართლეც, პროკურორიც, პოლიცმეისტერიც და გამომძიებელიც, ვგულისხმობ, ბიძინა ივანიშვილს, ამ ქვეყანაში უკვე ფლანგვა და სახელმწიფო ბიუჯეტის მითვისება წესად იქცა, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„ჯეუ გრუპს" რომ მმართველი ძალა ტენდერებს აგებინებს, ამაზე ისაუბრა „ევროპული საქართველოს“ წევრი ბესიკ დონაძემ. ოპოზიციური პარტიის წევრი იმ ტენდენციაზე საუბრობს, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს.

ტენდერებს იგებენ და ხელშეკრულება უფორმდება ისეთ კომპანიებს, რომლის დამფუძნებლებიც და მესაკუთრეებიც არიან „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები, მათ შორის ოჯახის წევრები და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ძალიან ბევრჯერ უფორმდება ხელშეკრულება „ქართული ოცნების“ შემომწირველებს... ამ ადამიანებს ფული მიაქვთ „ქართულ ოცნებაში“ „ატკატის“ სახით, - განაცხადა ბესიკ დონაძემ.

„ქართული ოცნების“ შემომწირველმა კომპანიამ ბოლო შვიდ წელიწადში 160 მილიონი ლარი მიიღო. „ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, 2017 წელს თბილისის მერის არჩევნების პერიოდში შპს "ჯეუ გრუპის" მფლობელებმა მმართველ პარტიას 50 ათასი ლარი შესწირეს. მას შემდეგ, რაც კახა კალაძემ არჩევნებში გაიმარჯვა, მერიამ კომპანიასთან 73 მილიონი ლარის ხელშეკრულებები გააფორმა.  

მოგვიანებით "ჯეუ გრუპი" კახეთის გზატკეცილის უხარისხო სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მერმა საჯაროდ გააკრიტიკა, თუმცა 2019 წელს ამავე კომპანიამ უკონკურენტო ტენდერში გამარჯვებაც მოიპოვა და ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციისთვის 8-მილიონიანი შეკვეთაც მიიღო.  

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო, თუმცა თბილისის ცენტრალური გამზირი ისევ გადათხრილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი