გიორგი რურუასგან დნმ-ის ასაღებად 15-მდე პოლიციელი და საბადრაგო სამსახურის წარმომადგენელი გლდანის ციხეში იძულებითი ღონისძიების ჩასატარებლად შევიდა.
მოსამართლის განჩინებით, ამ ჯგუფს გიორგი რურუას წინააღმდეგ, ძალა უნდა გამოეყენებინა. დილის სპეცოპერაციას ერთადერთი მიზანი ჰქონდა აეღოთ - რურუას დნმ-ის ნიმუში.
მოსამართლემ დნმ-ის ნიმუშის იძულებით აღების დადგენილება ორი დღის წინ გასცა, თუმცა დღეს დილამდე დოკუმენტის შინაარსს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები რურუას ადვოკატებსაც კი უმალავდნენ. უფლებადამცველებმა ვიზიტის მოტივი დღეს დილით ციხის შესასვლელთან შეიტყვეს.
ადვოკატები ამბობენ, რომ ჩიხში შესული საგამოძიებო უწყება ყველაფერს აკეთებს, შეკერილი საქმის სამართლებრივ ჩარჩოში მოსაქცევად.
გიორგი რურუამ დნმ-ის ნიმუშის ჩაბარებაზე უარი ერთხელ უკვე თქვა. ის აცხადებდა, რომ გენეტიკურ ანალიზს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩააბარებდა, თუ საქართველოს პროკურატურა პოლიციელების წინააღმდეგ მისთვის იარაღის ჩადების ფაქტზე გამოძიებას დაიწყებდა.
ის რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელს იარაღი ჩაუდეს, ორი ექსპერტიზით დგინდება, სამხარაულის ექსპერტებმა იარაღზე გიორგი რურუას ვერც თითის ანაბეჭდი იპოვეს და ვერც მის ტანსაცმელზე აღმოაჩინეს მეტალის კვალი.
სპეცოპერაცია გიორგი რურუას წინააღმდეგ ხელისუფლებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ის „მთავარი არხის“ მეწილე გახდა, რურუას გასანეიტრალებლად და სხვა ინვესტორების დასაშინებლად ტელევიზიის დამფუძნებელს იარაღი ჩაუდეს. გიორგი რურუა მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტიური მხარდამჭერი იყო.
„მთავარმა არხმა“ იმ პოლიციელების იდენტიფიცირება მოახდინა, ვინც გიორგი რურუას შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დავალებით იარაღი ჩაუდო. ლევან ადეიშვილი, ბექა მახარაძე, გიგა დარსაველიძე, პავლე მაჭარაშვილი, გიორგი კოღუაშვილი, ქართლოს ხუფგენია და ზურაბ ბერუაშვილი - ეს პოლიციელები რურუას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეში მთავარი მოწმეები არიან. ახლა მთავარ კითხვებს მათ უნდა უპასუხონ, რადგან საქმის მასალებით იარაღი მხოლოდ პოლიციელებმა ნახეს და ბრალდებულმა გიორგი რურუამ დაკავების მომენტში არც კი იცოდა, რისთვის ადებდნენ ხელბორკილებს.
დნმ-ის ნიმუშით საქმის ფაბრიკაცია ერთადერთი გზაა, ხელისუფლებამ რურუას დაკავების საფუძველი შექმნას, რადგან სხვა მტკიცებულება საქმეში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის წინააღმდეგ არ არსებობს.