
"ქართული ოცნება" 2 ოქტომბრის არჩევნებზე ხმების პარალელურ დათვლას ჩაატარებს. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და ახალი პორტალი - election2021.ge წარადგინა.
მისი თქმით, პორტალზე განთავსებული იქნება ამომრჩეველთა აქტივობა, გარდა ამისა, პარტია აღრიცხავს უბნებზე მომხდარ ყველა ინციდენტს, ბოლოს კი ამის სტატისტიკას წარმოადგენს.
პაპუაშვილმა თქვა, რომ ვებ-გვერდზე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ პირდაპირ ეთერში ადევნონ თვალყური სიახლეებს.
"ქართული ოცნება ამ არჩევნებზე ჩაატარებს ხმების პარალელურ დათვლას და ჩვენ ამას ჩავატარებთ ყველა უბანზე. იცით, რომ უბანზე როცა ხდება ბიულეტენების დათვლა და დგება ოქმი, ამ ოქმს გარკვეული პერიოდი სჭირდება, რომ ის აღმოჩნდეს საოლქო საარჩევნო კომისიაში, შემდეგ ცესკოში და შემდეგ გამოქვეყნდეს, [...] ამიტომ ჩვენ იმ ოქმებს რომლებიც შედგება იმ მომენტშივე შევიყვანთ ბაზაში", - თქვა პაპუაშვილმა.
საარჩევნო უბნები ხვალ დილის 08:00 საათზე გაიხსნება.