საკონსტიტუციო ცვლილებები თუ არ გავა, ესეც არ არის დიდი პრობლემა - კობახიძე

გამოქვეყნდა:

თუ საკონსტიტუციო ცვლილებები არ გავა, ესეც არ არის დიდი პრობლემა და შენარჩუნდება ის საარჩევნო სისტემა, რომელიც ზუსტად ამ ორმა პარტიამ დაუტოვა ქვეყანას სახსოვრად - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ამბობს, რომ მმართველ გუნდში გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებაზე საუბარს არ აპირებენ და იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციის მხარდაჭერით ან მის გარეშე მიიღებენ. თუმცა, კობახიძე ამბობს იმასაც, რომ ხელისუფლებას პრობლემას არც დღეს არსებული საარჩევნო სისტემა უქმნის.

"თუ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, აქ არის ორი ვარიანტი - ერთი, რომ ამ ორი პარტიის ხმების გარეშეც შეიძლება გავიდეს, მაღალი ალბათობით, გავა და ამის დიდი იმედი გვაქვს. თუ არ გავა, ესეც არ არის დიდი პრობლემა და შენარჩუნდება ის საარჩევნო სისტემა, რომელიც ზუსტად ამ ორმა პარტიამ დაუტოვა ქვეყანას სახსოვრად.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს სისტემა შეიცვლება. თუ არ შეიცვლება, ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგება სწორედ ამ ორ პარტიას. თუ ჰქონდათ ცოტა მეტი წარმომადგენლობის შანსი ახალი სისტემით 120/30-ით, ძველი სისტემით – 77/73-ით კიდევ უფრო ნაკლებად იქნება ეს ორი პარტია პარლამენტში წარმოდგენილი, რაც შეიძლება, ცუდი არც იყოს, - ამბობს კობახიძე.

ირაკლი კობახიძისვე განცხადებით, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა არა პოლიტპატიმრები, არამედ პოლიტკრიმინალები არიან. 

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს შეიწყალა. გიორგი რურუას საქმე კი საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება. ოპოზიცია ერთხმად თანხმდება, რომ მისი გათავისუფლების გარეშე, რვა მარტის შეთანხმება შესრულებულად ვერ ჩაითვლება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი