კორუფციასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას კრიტიკულად აფასებენ ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, გიორგი გახარიას განცხადება, რომ „შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რამე“ გაუკეთა, სწორედაც რომ წამოცდენაა.
პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე ამბობს, რომ გახარიას წამოცდება ქვეყანაში არსებულ რეალობას ასახავს.
ეს წამოცდენა, ალბათ, ასახავს იმ რეალობას, რომელშიც სახელისუფლებო გუნდის ნაწილი იმყოფება და რომლის გადმოსახედიდანაც ისინი რეალობაში იღებენ გადაწყვეტილებებს, - ამბობს კობერიძე.
კობერიძის თქმითვე, სწორედ კორუფცია ის პრობლემა, რომლის გამოც სახელმწიფო ვერ ვითარდება და ეკონომიკა წინ ვერ მიდის.
კორუფცია არის არათუ დიდი პრობლემა, არამედ ეს არის ის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის გამოც, რეალურად ადამიანების დასაქმება, ეკონომიკის განვითარება, კონკურენციის გაძლიერება, სწორედ ამ ყველაფრის გამო ფერხდება და ეს არის მთავარი, რაც უნდა დაინგრეს და შეიცვალოს სწორედ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, - აცხადებს ლევან კობერიძე.
კორუფცია რომ „ქართული ოცნებისთვის“ დამახასიათებელი ნიშანია, ამაზე ისაუბრა „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ.
მე არ ვიცი, რას ნიშნავს ჯიგრული კორუფცია ან ჯიგრული გადაწყვეტილებები მთავრობაში, გადაგდება ვიცი, რა არის, მასწავლა „ქართულმა ოცნებამ“. ახლა ალბათ, გვასწავლიან, ეს „ჯიგრული კორუფცია“ რა არის. ვწუხვარ, უკაცრავად საზოგადოებასთან, ეს არ არის ის სიტყვა, რომელიც ჩემს ლექსიკონში შედის. ის, რომ კორუფცია ქვეყანაში არის, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ის, რომ ჩვენ ვხედავთ ნეპოტიზმს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, - ამბობს ბურჯანაძე.
"ქართულ-ჯიგრულ პონტში" პრივილეგირებულ კომპანიებზე ქვეყნის პრემიერმა, გუშინ საპარლამენტო ტრიბუნიდან ისაუბრა. გიორგი გახარია ამბობს, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არის და თუ რომელიმე კომპანია, უფრო მეტად ხელშეუხებელია, ეს მხოლოდ ქართული მენტალიტეტის დამსახურებაა და არა პოლიტიკური კორუფციის.