
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ანზორ მელიამ, საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ მან თქვა, რომ ასეთი შემართებით არასდროს ყოფილა.
"როგორ არასდროს ისეთი შემართებით ვარ. ეს არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი. აქ წყდება საქართველოს მომავალი. გვინდა სიღარიბეში, სიბინძურეში, გაუტანლობაში ცხოვრება? თუ გვინდა ცივილიზაცია, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, სამუშაო ადგილები, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მაშინ ხმა უნდა მივცეთ ოპოზიციურ ძალებს", - თქვა მელიამ.
მან ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც დაბრუნდა და ციხეში ყოველგვარი ხმაურის გარეშე შევიდა, ხალხი გვერდში უნდა დაუდგეს.
"კაცი ჩამოვიდა, ყოველგვარი სისხლის დაღვრის გარეშე შევიდა ციხის საკანში, ამას დაფასება უნდა და ჩვენ, ქართველი ხალხი, გვერდით უნდა დავუდგეთ. მთელმა საქართველომ უნდა ამოიღოს ხმა, ასე გაგრძელება შეუძლებელია. ასე საქართველო განადგურდება. არ მინდა მე რუსეთი, რუსეთი ოკუპანტია", - აღნიშნა ანზორ მელიამ.