გაზრდილი სიღარიბე, გადასახადები და საპენსიო დანაზოგები - ოპოზიციის მთავარი კითხვები პრემიერს

გამოქვეყნდა:

გადასახადების განულება, სიღარიბის აღმოფხვრის წარუმატებელი მცდელობა, საპენსიო თანხების დაბრუნება - პრემიერს ინტერპელაციის წესით ოპოზიციის მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

გიორგი გახარიას ოპოზიცია ხვალ პარლამენტში ელოდება, სადაც ქვეყანაში არსებულ სიღარიბეზე მოუწევს საუბარი. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, პრემიერს მოუწევს ისაუბროს ბავშვთა სიღარიბის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ პარლამენტში გამართული გუშინდელი შეხვედრის შემდეგ მაინც გაუგებარი დარჩა, რას გეგმავს ხელისუფლება ეკონომიკის ამუშავების კუთხით.

ვერაფერი გავიგეთ, რას აპირებს მთავრობა. ფაქტობრივად, ყველაფერი არის ფუჭი დაპირება, ტყუილები და რეალურად, არავითარი დამხარება არ გაუწევიათ მოქალაქეებისთვის. ინტერპელაციის ერთ-ერთი მთავარი კითხვა იქნება, რატომ გაიზარდა სიღარიბე... რატომ არის ბავშვთა და პენსიონერთა სიღარიბე გაზრდილი. რატომ არ აქვს ეკონომიკური პროგრამა, რომელიც ელემენტარულად მაინც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტში განხილვის თემა იქნევა საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხები, რომელიც „ევროპული საქართველოს“ წევრები ინიციატივით, კორონავირუსის პანდემიის დროს უნდა დაუბრუნდეს მოქალაქეებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ყველა ფორმატს გამოიყენებენ, რათა მოსახლეობამ დაინახოს, რა საკითხებზე არ აქვს პრემიერს პასუხი და ოპოზიცია შეეცდება, მთავრობა დათმობებზე დაითანხმოს.

ეს არის ახლა მთავარი საკითხი - ჩვენი ოჯახების, ჩვეულებრივი ადამიანების და მეწარმეების, დასაქმებულების და დამსაქმებლების, ყველას მომავალი უმძიმესი თვეები, რომელიც მოიტანა ობიექტურად პანდემიამ და სუბიექტურად ამ მავნებლური მთავრობის ნაბიჯებმა, რომლებმაც გაუაზრებლად ჩაკეტეს ეკონომიკა, დააგვიანეს მინიმუმ, გახსნა და პრინციპულად უარს იძახიან იმ საკითხზე, რასაც „ევროპული საქართველო“ სთავაზობთ და რაც არის ერთადერთი გზა, რომ შანსი მივცეთ ყველას - გადასახადების დრამატული დაწევა და განულება ბევრი გადასახადის ასეთი გასაჭირის დროს, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პრემიერ გიორგი გახარიას ხვალ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა დაიბარეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი