ერთი კვირა საკუთარი სახლების დასანგრევად - მერიის ულტიმატუმი სოციალურად დაუცველებს

გამოქვეყნდა:

მერიის სამსახური უნებართვო მშენებლობების დემონტაჟისთვის რეხის დასახლებაში დღის პირველ ნახევარში ბულდოზერებითა და პოლიციის თანხლებით მივიდა. ადგილობრივებმა ტექნიკას მუშაობის საშუალება არ მისცეს. ორსულები და ჩვილბავშვიანი ქალები ტრაქტორებს წინ გადაუდგნენ.

"მთავარი არხის" ადგილზე გამოჩენის შემდეგ მერიის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენელმა სავარაუდოდ, ზემდგომებთან კონსულტაციები გაიარა. შემდეგ კი ადგილობრივებს ერთკვირიანი ვადა მისცა - თუ მოსახლეობა საკუთარ აშენებულ საცხოვრებლებს შვიდ დღეში არ დაანგრევს, ტექნიკა ადგილზე ისევ მივა და დემონტაჟი დაიწყება.

ამის შემდეგ მერიის ბულდოზერებმა და საპატრულო პოლიციის ათამდე ეკიპაჟმა რეხის დასახლება დატოვა. ადგილობრივები დარწმუნებულები არიან, რომ მათი სახლები დღეს "მთავარი არხის" მისვლამ გადაარჩინა, თუმცა შიშობენ, რომ მერია თავშესაფრებს მოულოდნელად, ღამით დაანგრევს. დაპირებულ ბინის ქირას კი მხოლოდ დროებით გადაუხდიან.

ადგილობრივების პროტესტს დღეს ქალაქის მერმაც უპასუხა, კახა კალაძის პასუხი 15 ოჯახისთვის განაჩენია. მერმა მათ უთხრა, რომ ყველა უკანონო მშენებლობა დაინგრევა. 

რეხის დასახლებაში სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და დევნილი ოჯახები ცხოვრობენ. ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ და ხელისუფლებას მხოლოდ ერთ მოთხოვნას უყენებენ - სახელმწიფომ ქირის დროებით გადახდის ნაცვლად, საკუთარი ძალებით აშენებული შენობების გამოსყიდვის უფლება მისცეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი