"ქვეყანაში გაქანებული კორუფციაა" - ლევან კობერიძე

გამოქვეყნდა:

დარწმუნებული ვარ, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, საკმაოდ სერიოზული ცვლილებები იქნება - ამის შესახებ "ქართული ოცნებიდან" დემარშით წასულმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა. 

კობერიძე გიორგი გახარიას მიერ კორუფციაზე გუშინდელ განცხადებასა და იპოთეკური სესხების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ამბობს, რომ ხელისუფლება ბიუჯეტის ფულით ცდილობს საკუთარ მხარდამჭერებს "ჯიგრულად" დაეხმაროს. 

ჩვენი, ბიუჯეტის ფულით, უკვე გადავიდნენ პოლიტიკურ მოსყიდვაზე. მივმართავ იმ კომპანიებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ახლა ხელი მოითბონ - 2020 წლის არჩევნების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილებები იქნება საკმაოდ სერიოზული. ეს თემები და ეს საქმეები აუცილებლად იქნება განხილული. აუცილებლად აგებს პასუხს როგორც ერთი მხარე, რომელიც ამ დანაშაულს სჩადის და ბიუჯეტს ანიავებს იმიტომ რომ იქნებ ეკონომიკა ამუშავდეს, - ამბობს კობერიძე. 

მისივე თქმით, ბიუჯეტის ფულის დახარჯვა კორუფციის ერთადერთი წყაროა და ის, რაც დღეს ხდება, ადამიანების ფულის არათუ უსამართლოდ განაწილება, არამედ "ოცნების" ლოიალური, ერთგული და მორჩილი კომპანიებისთვის ჩამორიგებაა. 

მემგონი ფეოდალიზმში არიან ჩარჩენილები. ჰგონიათ, რომ ბიუჯეტი სხვადასხვა გადასახადებისგან აკრეფილი ბეგარაა, რომელიც შევიდა მათ ხაზინაში, ყულაბაში და ისე გვექცევიან, ფეოდალები მოწყალებას რომ გასცემდნენ ხოლმე, ვიღაცა მოეწონებოდათ და მოდი ამას მოწყალების სახით პატარა ქისა მივცეთ. იმას ერთი მონეტა მივცეთ და ა.შ.. ქვეყანაში კორუფციის ჭაობი აღარ არის, გაქანებული კორუფციაა, ჭაობი კიდევ დამდგარია, - ამბობს კობერიძე. 

კობერიძე ამბობს, რომ ქვეყანაში კორუფციის ძალიან ბევრი ფაქტია - "იდენტიფიცირებულები არიან ის ადამიანები, ვინც დღეს ბიუჯეტზე წურბელებივით არიან ჩამოკიდებულები და ცდილობენ სხვადასხვა კომბინაციების გზით ჩვენი ფული კომპანიებს ჩამოურიგონ"

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ხელისუფლება დეველოპერულ კომპანიებს 400 მილიონზე მეტი ლარით დაეხმარება, მოსახლეობას კი იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი