"ვითხოვ უკეთეს ნაწერს" - გერმანელმა დეპუტატმა ვიოლა ფონ კრამონმა ნაირა გელაშვილსა და მის ოთხ თანამოაზრეს დღეს მისი გზავნილების კარგად წაკითხვა და გაგება მოსთხოვა. თუმცა, მანამდე განმარტა, რომ კარგად წერას ბევრი კითხვა სჭირდება.
"კავკასიური სახლის" ხელმძღვანელის მიერ გაგზავნილ კრიტიკულ წერილს ვიოლა ფონ კრამონმა კიდევ უფრო მწვავედ უპასუხა და ნაირა გელაშვილს, მეტი დამჯერებლობისთვის, მისი ყოფილი მეუღლის, მისთვის კარგად ნაცნობი ფილოსოფოსისა და მწერლის, გივი მარგველაშვილის ნაწარმოებიდან მოუყვანა ციტატები.
ასეთი მწავე რეაქცია ვიოლა ფონ კრამონის მხრიდან ნაირა გელაშვილისა და მისი თანამოაზრეების ვრცელ წერილს მოჰყვა, სადაც კავკასიური სახლის ხელმძღვანელი კრამონს პოლიტპატიმრების გათავისუფლების გამო აკრიტიკებდა. გერმანიაში გაგზავნილ წერილში გელაშვილი წერს, რომ მისთვის მიუღებელია ევროპარლამენტარების მხრიდან ყოფილი მაღალჩინოსნების გათავისუფლების ლობირება.
ვიოლა ფონ კრამონი გელაშვილს ამ ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხება და საპასუხო წერილში მკაფიოდ წერს, რომ წინა ხელისუფლების მიმართ ყოველთვის კრიტიკული განწყობა ჰქონდა, ამიტომ მათ ლობისტად ვერ გამოდგება, მას ინფორმაციის არაერთი წყარო აქვს და საქართველოს უკვე დიდი ხანია კარგად იცნობს. რაც შეეხება მმართველ გუნდს - "ოცნებამ" მასაც და ქართველ ხალხსაც იმედები გაუცრუა.
კრამონის კრიტიკა გადაჭარბებულია "ოცნებისთვის". მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ევროპელი დეპუტატის მკაცრი ტონის საფუძველს ვერ ხედავს დ აცხადებს, რომ "ოცნების" სასამართლო გაცილებით უკეთესია.
ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ამბობენ, რომ ნაირა გელშვილისა და მისი თანამოაზრეების წერილი საბჭოური ტრადიციების სტილშია დაწერილი - შესაბამისად, პასუხისც ასეთი მწვავე და ხისტია.
გია ბუღაძეს, რომელიც გივი მარგველაშვილის ფილოსოფიას კარგად იცნობს, კარგად ესმის რატომ იყენებს ვიოლა ფონ კრამონი სწორედ მის ფრაზებს.
ვიოლა ფონ კრამონმა პირველი კრიტიკული წერილი 13 მაისს გამოაქვეყნა, მაშინ როდესაც "ქართულმა ოცნებამ" რვა მარტის შეთანხმება დაარღვია და პოლიტპატიმრების გაშვებაზე უარი თქვა. მაშინ გერმანელი ევროპარალამენტარი წერდა, რომ სიტყვის გატეხვა და პირობის დარღვევა ევროპის თვალში "ქართულ ოცნებას" ნდობას დაუკარგავდა.