
ნიდერლანდების სამეფოში, პოლონეთში, უკრაინაში, შვედეთსა და მექსიკაში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დავით სოლომონია დაინიშნა.
2017-2021 წლებში, დავით სოლომონია ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში საქართველოს წარმომადგენელი გახლდათ.
პოლონეთში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზურაბ ბერიძე დაინიშნა.
ზურაბ ბერიძე საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში 1991 წლიდან სხვადსხვა პოზიციაზე საქმიანობს. 2014-2018 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში, 2004-2008 წლებში კი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთსა და მოლდოვას რესპუბლიკაში
უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა.
ზაქარაშვილი 2019 წლიდან დღემდე საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
შვედეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ირაკლი ხუცურაული დაინიშნა. ის 2019 წლიდან დღემდე შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩეველის პოზიციას იკავებდა.
მექსიკის შეერთებულ შტატებში ელჩად ზაზა გაბუნია დაინიშნა.
გაბუნია 2017-2020 წლებში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.