
პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პერმანენტული და მასშტაბური აქციების აუცილებლობაზე საუბრობს.
მისი აზრით, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებამდე არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მონაწილეობა აბსურდულია.
"დაკავებული უნდა გვქონდეს რუსთაველი, რა საშუალებაც გვაქვს, რითიც შეიძლება. სახელმწიფო მიტაცებულია და სახელმწიფო უნდა დაიბრუნოს ხალხმა. შესაბამისად, მე ვამბობ, მეორე ტურსაც გადაგვალეწავს თავზე, თუ ჩვენ პრევენციული ზომები არ მივიღეთ. სახელმწიფოს დაბრუნებისთვის ერთადერთი პრევენციული ზომა აქვს მიღებული კაცობრიობას, ეს არის ხალხის ხმა, უნდა ზანზარებდეს რუსთაველი", - თქვა თაკო ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა პირველი ოქტომბერს მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ უკვე საქართველოში იყო. მოგვიანებით მან ორი ვიდეოც გამოაქვეყნა. "ქართული ოცნება" ფაქტს მთელი დღის განმავლობაში უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. საღამოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი დაკავებულია, მანამდე გაჟღერებული უარყოფა კი "ოპერატიული ტაქტიკით" ახსნა.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ერთ-ერთ ბინაში დააკავეს, მოგვიანებით კი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. დაკავების შემდეგ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო.
მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს.