
პარლამენტში პრემიერს დღეს კიდევ ელოდებიან. გიორგი გახარიას დეპუტატები ინტერპელაციის ფორმატში კითხვებს პირველად დაუსვამენ.
ინტერპელაციის ფორმატში პრემიერი „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ კითხვებს უპასუხებს.
განხილვის მთავარი საკითხები კი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას ეხება. გახარიას ინტერპელაციის წესის თანამხად, კითხვები წინასწარ გაეგზავნა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის თქმით, ოპოზიცია დაინტერესდება, რატომ არ დაერიცხათ ის მინიმალური დახმარება ოჯახებს, რომელსაც მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დაპირდათ.
მთავარი შეკითხვა იქნება ის, რომ სიღატაკის დაძლევის არავითარი შანსი ამ ხელისუფლებას არ აქვს და მათ უნდა წარმოადგინონ რეალური გეგმა, თუკი შეუძლიათ ანტიკრიზისული, მართლაც ქმედითი გეგმის სახით, თუ არადა მათ უნდა გაითვალისწინონ ოპოზიციის შეთავაზებები, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ იმ მთავარ საკითხებზე ისაუბრა, რომელზეც პრემიერთან მის გუნდს კითხვები აქვს. ბოკერიას თქმით, შეხვედრის დროს მთავრობის მიერ დაშვებულ შეცდომებზეც გაამახვილებენ ყურადღებას.
ინტერპელაციის კითხვები არის სწორედ ყველაზე დიდ გასაჭირზე, რაც ჩვენ გვაქვს, ისედაც, რაც იყო ჩვენი ქვეყნის გამოწვევა და პანდემიის მერე განსაკუთრებით, ეს არის ეკონომიკა, ჩვენი ოჯახების კეთილდღეობა. ის უმძიმესი და დანაშაულებრივი შეცდომები, რომელიც დაუშვა ხელისუფლებამ, რომელიც ჩვენი ყველა ოჯახების მომავალს კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ აყენებს, როცა უარს იძახის გადასახადების დაწევაზე, როცა შანს არ აძლევს მოქალაქეებს, რომ თავისი ფული დაიბრუნონ საპენსიო ფონდში, რომელიც შეატანინეს ძალით მათ უმრავლესობას, - ამბობს გიგა ბოკერია.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველ პარტიას უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური ვითარებიდან გამოსვლის არავითარი გეგმა არ გააჩნია. მთავარი შეკითხვებიც სწორედ სიღარიბის დაძლევასა და ეკონომიკური კრიზისის შესახებ იქნება.