
რუსული კვალი თავდაცვის სამინისტროში - ქართულ ჯარს, 882 ათასი ლარის ღირებულების ხორცით ის კომპანია მოამარაგებს, რომლის 50 პროცენტის მფლობელი ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეა.
ძალოვანი სტრუქტურებისთვის დარბილებული ღორის ხორცის შესყიდვის შესახებ ტენდერი 2020 წლის თებერვალში გამოცხადდა და მასში მონაწილეობა მხოლოდ „ჰელსი ფუდმა“ მიიღო, შესაბამისად, გამარჯვებულადაც ის გამოცხადდა.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კომპანიამ საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილებს, ჯამში, 60 ათასი კილო ხორცი უნდა მიაწოდოს.
ოფიციალური დოკუმენტით მტკიცდება, რომ „ჰელსი ფუდის“ 50–პროცენტიანი წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზაალ ილიაევია.
კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი და დირექტორი, გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ კონსტრდაზვერვამ აღნიშნული საკითხი უნდა შეისწავლოს, რადგან საქმე ოკუპანტ ქვეყანასთან გვაქვს და არსებობს რისკი, რომ სამხედროები მოიწამლონ.
როდესაც საქმეში ერთვება რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ცხადია, ვიზირება ამაზე უნდა მისცეს საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვის სამსახურმა, მაგრამ, ვინაიდან და რადგანაც, კონტრდაზვერვითი საქმიანობა თავდაცვის სამინისტროში არის მოშლილი, ხოლო მინისტრი გადართული არის ძვირადღირებული მაჯის საათების შეძენაზე, როგორც ჩანს ტენდერებს იგებენ რუსული ან ნახევრად რუსული კომპანიები ან ისეთები, რომლის წარმომადგენლები თუ 50 პროცენტის მფლობელები არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, - განაცხადა კაპანაძემ.