
პარლამენტის დეპუტატის, თამარ კორძაიას ინფორმაციით, თბილისში, მერის არჩევნების შემაჯამებელი 759 ოქმიდან ბალანსი 306-ში არ დგება, პროპორციულ ნაწილში კი 323-ში.
როგორც კორძაიამ აღნიშნა, ჯამში "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაახლოებით 478 უბნის შედეგები გაასაჩივრა.
"პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 91 საჩივარი, მაგრამ ამ 91 საჩივრით გასაჩივრებულია და მოთხოვნილია შემაჯამებელი ოქმების ბათილობა და ხელახლა გადათვლა 539 შემთხვევაში. გასაჩივრებულია დაახლოებით 478 უბნის შედეგი. ხაზს ვუსვამ, შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრება უბნის შედეგის გასაჩივრებაზე მეტი იმიტომაა, რომ ამ არჩევნებზე სხვადასხვა სახის შემაჯამებელი ოქმები დგებოდა. 19 შემთხვევაში უშუალოდ არჩევნების დღესთან დაკავშირებით შეტანილია დისციპლინური საჩივრები, 9 საჩივარი სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე პროკურატურაში. ამდენად, შევახსენებ „ქართულ ოცნებას“, რომ არჩევნები თავისუფალ გარემოში არ ჩატარებულა და ამაზე მეტყველებს ჩვენ მიერ შეტანილი საჩივრები", - თქვა კორძაიამ.
მან ასევე ეუთო-ს მისიისა და აშშ-ის ელჩის განცხადებებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ პარტნიორებმა კარგად დაინახეს, "როგორ საარჩევნო გარემოში ცხოვრობენ მოქალაქეები".
"ეუთოს მისიის შეფასებით, არასათანადო უპირატესობა მმართველი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ მუშაობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ძალიან კარგად დაინახეს, როგორ საარჩევნო გარემოში ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები და როგორი პირობებით შევიდნენ ოპოზიციური პარტიები საარჩევნო ბრძოლაში. იგივე სულისკვეთებას ავრცელებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი თავის განცხადებაში, სადაც ამბობს, რომ გარემო დაზიანებული იყო ფართოდ გავრცელებული ძალადობით, მოსყიდვით, დაშინებით და ა.შ. ამიტომ, პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ თავიდან ბოლომდე წაიკითხონ ხოლმე შეფასებები და განცხადებები", - აღნიშნა თამარ კორძაიამ.