ფოთის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი, გიგი უგულავა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა შეიძლება კატასტროფით დასრულდეს. მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე უგულავამ "მთავარი არხის" გადაცემაში "ღამის მთავარში" ისაუბრა.
"ეს ხო იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ეს შიმშილობა კატასტროფით დამთავრდეს, მერე დავჯდეთ და მერე ვიძახოთ სადღეგრძელოები, როგორც გამსახურდიას სადღეგრძელოებს დღესაც ვიძახით?! მერე ვქნათ?! როცა ყველაფერი დამთავრდება, ან რისთვის ვწირავთ სახელმწიფოს.....
ან სად არის სამღვდელოება, ადამიანი შიმშილობს ხალხნო, შიმშილობს. ერთი სასულიერო პირი როგორ არ გამოჩნდა რომ მივიდეს, რამ შეგაშინათ ხალხო, ან სად არის 1000 მინისტრი და ადამიანი მახსოვს მე, რომელიც მიშასთან ერთად მუშაობდა, თქვენ ბიოგრაფიაში მიშამ არაფერი დაგიტოვათ? რა, პარტიის საქმეა ეს? რა შუაშია პარტია, არაფერი დაგიტოვათ ცხოვრებაში? ამდენი მინისტრი და დეპუტატი რომ იყო, ან უბრალოდ ადამიანები, რომლებიც ერთად მუშაობდით. პრეტენზია მე რომ მაქვს იმდენი არ არსებობს, მაგრამ პრეტენზიების დრო არის?.
ჩვენ თვალწინ ზვირთივით ზვირთდება გუნდა, რომელიც მერე კატასტროფაში გადაიზრდება",-თქვა გიგი უგულავამ
ცნობისთვის, უკვე 4 დღეა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც ის საქართველოში დაბრუნდა.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად დაკავებული არიან მამა-შვილი წოწორიები და ელგუჯა ცომაია. მამა-შვილს, ზურაბ და შალვა წოწორიებს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანას ედავებიან, ხოლო ელგუჯა ცომაიას დანაშაულის დაფარვას.