
ეუთოში აშშ-ის წარმომადგენელმა რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში, უკანონო ბორდერიზაციასა და ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე ჯეიმს სტიუარტ გილმორმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკიდურესადაა შეშფოთებული 12 სოფელთან მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესით.
არ არსებობს საზღვარი სამხრეთ ოსეთთან. ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი, - განაცხადა გილმორმა.
ეუთოში აშშ-ის წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა, შეაჩეროს ე.წ. საზღვრებთან ბარიერების აღმართვის პროცესი, რაც მისი თქმით, მოსკოვის მხრიდან 2008 წლიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიების მიტაცების მცდელობათა სერიის გაგრძელებაა.
რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიას, ელჩი ამბობს, რომ მოსკოვის განცხადებები დეზინფორმაციაა და ეს ყალბი ბრალდებები საბჭოში განხილვის ღირსიც არ არის.