
ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, კომპოზიტორები, მხატვრები, პიანისტები, პოეტები მიხეილ სააკაშილზე საუბრობენ და მიმართავენ, შეწყვიტოს შიმშილობა. ეს განცხადებები ხელოვანებმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "სხვა ნანუკა" გააკეთეს:
მაცაცო სებისკვერაძე - კომპოზიტორი
მე არ ვარ პოლიტიკოსი და არასდროს ვერევი პოლიტიკაში, იმიტომ რომ მე ჩემი საქმე მაქვს, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია არაფერ კავშირშია ჩემს საქმესთან. ერთი რამე მინდა გითხრათ, მე მინდა ჩვენი ქვეყანა ყოველთვის, ყველაზე კარგი იყოს მთელ მსოფლიოში, ყველაზე კარგი ხალხი მინდა ცხოვრობდეს აქ.
ძალიან გთხოვთ, ძალიან გთხოვთ ნუ იზამთ და ნუ გააკეთებთ იმას, რაც მთელი სიცოცხლე სანანებელი იქნება ყველასთვის. ბატონო მიშა, ძალიან გთხოვთ, შეწყვიტეთ შიმშილობა, ვეღარ გაუძლებს ხალხი. ერთი პრეზიდენტი ხო მოკლეს, მაგრამ თქვენ, რომ რამე დაგემართოთ, ეს დიდი ტრაგედია იქნება და ამას ხალხი ვეღარ გაუძლებს. გეხვეწებით, შეწყვიტეთ შიმშილობა.
თქვენ ისეთი დიდი პიროვნება ბრძანდებით, კიდევ შეძლებთ ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებას, კიდევ დაგვაყენებთ სწორ მიმართულებაზე. გეხვეწებით, ნუ იშიმშილებთ, გვინდა ჯანმრთელად იყოთ, გეხვეწებით.
გეხვეწებით, გაათავისუფლეთ ბატონი მიშა, ნუ იქნებით ასეთი მკაცრები, ჩვენ ქვეყანას დააზარალებთ ამით, მთელ მსოფლიოში ვიქნებით ყველაზე უარესი ხალხი თქვენ რომ რამე ცუდი ჩაიდინოთ, გეხვეწებით.
კოტე ყუბანეიშვილი - პოეტი
სააკაშვილზე მინდა ვთქვა, რომ მისი ჩამოსვლა აუცილებელი იყო. ჩამოვიდა და თავის სიცოცხლის ფასად კიდევ ერთხელ ყურადღების ცენტრში მოაქცია საქართველო.
ყველაზე დიდი შეცდომაა დღეს, სააკაშვილის პოლიტპატიმრად ყოფნა და მე ვთვლი, რომ სასწრაფოდ გამოსაშვებია, მაგრამ რამდენად ეყოფა ქართულ ოცნებას ამისი ჭკუა და შეგნება, ამაში, რა თქმა უნდა, ეჭვი მეპარება, მაგრამ დაუყოვნებლივ მოვითხოვ სააკაშვილის თავისუფლებას და მის უსაფრთხოებას, რადგან გამადიდებელი შუშით გვაკვირდება მთელი მსოფლიო და დღეს კიდევ ერთხელ საქართველომ არ მნდა რომ თავი შეირცხვინოს.
თამრიკო ჭოხონელიძე - მომღერალი
მე რომ ვცხოვრობდე ისეთ სახელმწიფოში, სადაც სამართალი არსებობს, რა თქმა უნდა, ჩემი აზრები და დასკვნები, როგორც რიგითი მოქალაქის, ალბათ სხვანაირად წარიმართებოდა, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რამდენად პოლიტიზირებულია სასამართლო, რა თქმა უნდა, ჩნდება ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ საქმე არა სამართალთან, არამედ შურისძიებასთან გვაქვს. მით უმეტეს, ჩვენმა პრემიერმა გააჟღერა ფრაზა, რომ თუ კარგად არ მოიქცევა მიხეილ სააკაშვილი, კიდევ დაუმატებენ მუხლებს, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირი მინიშნებაა იმისა, რომ ეს საქმე პოლიტიზირებულია....
არ შეიძლება არ ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში მე თვითონ მაქვს ძალიან ბევრი შეკითხვა, ბევრი საწინააღმდეგო აზრიც მქონდა, მასთან და მის გუნდთან მიმართებაში, მაგრამ დღეს ამის დრო არ არის. არც შეიძლება, რომ მიხეილ სააკაშვილს დაუკარგო ის დამსახურებები, რაც სახელმწიფოს წინაშე აქვს.
გია ბუღაძე - მხატვარი
მთავარი, რაც შეიძლება დაედო სასწორზე, ქართველებს ზნეობრივი მაგალითი გვიჩვენა, თუმცა ქართველების აზრი, გარკვეული პროცენტი, ჩემდა გასაოცრად, ამაში ზნეობას კი არ ხედავს, ღლიცინებს, მასხარაობს. ხალხო, აქ სიკვდილ-სიცოცხლეზეა ლაპარაკი და საერთოდ სიკვდილზეა ლაპარაკი და რას ვაკეთებთ - არასერიოზულად ვუყურებთ.
ივანიშვილმა გვაქცია არარაობებად, ცარიელ ადგილებად, ღატაკ არსებებად, რომლის ყიდვა, მოსყიდვა და დაშინება ძალიან იოლად შეიძლება. თავის დროზე, სააკაშვილმა ჩვენში გააღვიძა ის, რომ სახელმწიფო შეიძლება გავაკეთოთ.
ბექა გოგიჩაიშვილი - პიანისტი
ძალიან მაგარი ფაქტი მოხდა მისი ჩამოსვლით და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ყოველი ჩვენთაგანისთვის. მეორე ის არის, რომ არავითარ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ის არ უნდა იჯდეს ციხეში. მაგრამ შინაგან თავისუფლებას, ამ ქვეყნის წინსვლის წყურვილს ეს ვერ შეაჩერებს. პირიქით, უფრო გააღვივებს და ჩვენ ამ ბრძოლაში ბოლომდე გვერდში ვუდგავართ მას და არავითარ შემთხვევაში არ გვავიწყდება მისი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე.
ნიკო ცეცხლაძე - მხატვარი
ისტორიას ვერ წაშლი, ის თავისი მინუსებით და პლუსებით არის ძალიან დიდი პოლიტიკოსი. მან საქართველოში გაატარა რეფორმები, ზოგისთვის შეიძლება მტკივნეული, მაგრამ ეს იყო აუცილებელი. დღეს მიხეილ სააკაშვილი, მე ვთვლი, რომ არის პოლიტპატიმარი და როდესაც ადამიანი დაპატიმრებულია, სიძულვილი და დაცინვა ეს არ არის მიზანშეწონილი.
რატი ამაღლობელი - პოეტი
მთლიანად დიდ დროში უნდა შევხედოთ მიხეილ სააკაშვილს, ის საქართველოს პრეზიდენტი იყო, ორჯერ არჩეული ამ ქვეყნის მიერ და ჩვენი სიმპატია და ანტიპატია არ არის საკმარისი მისი შეფასებისთვის.
ქართული ოცნება მე-9 წელია ხელისუფლებაშია და მას მიხეილ სააკაშვილთან აქვს იმ ტიპის პრობლემები, რომელიც ქართულ ოცნებას 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ჰქონდა. უბრალოდ ახლა აქვს ძალაუფლება, ბევრად მეტი აქვს დაშავებული ვიდრე წინა ხელისუფლებას და სააკაშვილის დაპატიმრებით არათუ გამოჰყავს ქვეყანა კრიზისიდან, ამძიმებს მის პოლიტიკურ სიტუაციას.