10 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის ფართობი შესაძლოა, რუსული კომპანიის ხელში აღმოჩნდეს - ხელისუფლება გეგმის სისრულეში მოსაყვანად მორიგ ნაბიჯს დგამს.
ქარელში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც დეპუტატები კენჭს მიწის ეკონომიკის სამინისტროსთვის უსასყიდლოდ გადაცემას უყრიან.
საკრებულოს დაგეგმილ სხდომაზე დასწრების სურვილი რუისის მოსახლეობასთან ერთად ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებსაც ჰქონდათ. რუისის მცხოვრებლების გამოჩენას ხმაური მოჰყვა. მოქალაქეები სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს, რის მიზეზადაც სკამების ნაკლებობა დაასახელეს. კორონა პანდემიის გამო კი საკრებულოს სხდომა კულტურის ცენტრში მიმდინარეობს, სადაც 200-მდე სკამია.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ხელისუფლების გეგმას, რომ რუისის სპორტული კომპლექსის ტერიტორია ჯერ ეკონომიკის სამინისტროს, შემდეგ კი რუსულ კომპანიას გადასცენ, ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ.
თუ საკრებულო 10 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის ფართობს რუსულ კომპანიას გადასცემს, მოსახლეობა გადაწყვეტილებას ისევ სასამართლოში გაასაჩივრებს.