
"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის ციხეში "სასათბურე პირობებს" ვერ შექმნიან.
"რაც შეეხება შიმშილობას, ეს მისი უფლებაა, უნდა იშიმშილოს, პროტესტის სხვა ფორმები გამოხატოს, უბრალოდ არგუმენტირებული უნდა იყოს. რაც შეეხება კომფორტს, ბოდიში ეხლა, პირიქით, მემგონი განსხვავებას ნახავდა რა ციხე დატოვა 2012 წელს და როგორ საპყრობილეში ზის ეხლა.
რაც შეეხება ტელევიზორს, ინტერნეტი და ასე შემდეგ, რომ იცოდეთ, ტელევიზორი პროტოკოლით არაა გათვალისწინებული, თუა ნათესაობა მიუტანონ, ხოლო მობილური იმ გრაფიკით მიეწოდება, როგორც დანარჩენ პატიმარს, არაფერი განსაკუთრებული, მისთვის სასათბურე პირობები ვერ იქნება და არ იქნება", - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ადამიანი მოითხოვს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას, რადგან "მიხეილ სააკაშვილი არგუმენტირებულადაა დაჭერილი".
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი პოლიციამ 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უკვე მე-7 დღეა, შიმშილობს.