რას გეგმავს ოპოზიცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე საათში პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს და პარტიის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებს.
ოპოზიციაში საპროტესტო აქციების აუცილებლობაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეა.
"მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავის გაწირვის ფასად გააკეთა ის, რომ მათ შორის ადამიანებს ჰქონდეთ რწმენა, რომ აუცილებლად შეიცვლება ოლიგარქიული რეჟიმი. ამასობაში ეს ადამიანი შიმშილობს და უკაცრავად, მაგრამ მართლა გულწრფელად მეუხერხულება, როცა მესამე პრეზიდენტის სააკაშვილი შიმშილობს და ამ დროს თენგიზ კიტოვანი თავისუფლად გადაადგილება რუსთაველის გამზირზე. ასეთ ქვეყანაში სამართლიანობაზე საუბარი ჩემი აზრით ზედმეტია", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ივანიშვილს ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილისაც კი ეშინია და სწორედ ამით არის განპირობებული ის შეზღუდვები, რომელიც მესამე პრეზიდენტს დაუწესეს.
"რაც შეეხება იმას, რომ მისი ჯანმრთელობა მძიმდება, ფაქტია, რომ ეს ასეა, რადგან მას პრინციპული გადაწყვეტილება აქვს ამ მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად აუკრძალეს სატელეფონო კომუნიკაცია, აგვიკრძალეს ჩვენც, პარლამენტარებს მასთან ურთიერთობა და მხოლოდ ადვოკატებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ მასთან იყვნენ. ფაქტია, ბიძინა ივანიშვილს და ღარიბაშვილს ციხეში მყოფი სააკაშვილისაც კი ეშინიათ და მუხლები უკანკალებთ", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი პოლიციამ 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უკვე მე-7 დღეა, შიმშილობს.