ვისაუბრებთ იმ ტყუილებზე, რომელიც გახარიამ იკადრა, როდესაც იყო პარლამენტში კითხვა-პასუხი, - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ გააკეთა.
პარლამენტში დღეს პრემიერს ინტერპელაციის წესით ელოდებიან. ოპოზიციას მთავარი კითხვები ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისსა და სიღარიბეზე აქვთ. „ევროპული საქართველოს“ წევრი ამბობს, რომ პრემიერისგან აინტერესებთ მიიღონ პასუხი იმაზე, თუ რატომ არ შემცირდა ბიუროკრატიული ხარჯები ან რატომ არ გამოიყენეს საპენსიო ფონდის თანხები.
ჩვენი ინტერპელაცია პრემიერთან დღეს ეხება, ისევ და ისევ, იმ ე.წ. ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა თითქოს, მაგრამ არცერთი თეთრი არავის არ მიუღია და ეხება ჩვენ მიერ წარდგენილ გეგმას, რომლის არცერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, არც გადასახადების შემცირება, არც საპენსიო გადასახადის უკან დაბრუნება მოსახლეობისთვის, არც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, არც სოციალური დახმარებების უფრო თანაბრად და იმ ჯგუფებისთვის მიცემა, ვისაც მართლა სჭირდება, არ გაუთვალისწინებია, - განაცხადა კაპანაძემ.
მმართველ პარტიაში ოპონენტებს პასუხობენ და ამბობენ, რომ პრემიერის ინტერპელაციის წესით დაბარება საჭირო აღარ იყო, მითუმეტეს, როდესაც კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ უკვე ისაუბრა. „ქართული ოცნების“ შეფასებით, ოპოზიციის კითხვები მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია. მათი თქმით, ოპონენტები ისეთი მდგომარეობის შექმნას ცდილობენ, თითქოს, ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია.
პრემიერს პარლამენტში ინტერპელაციის წესით „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა.